დავით ზალკალიანმა ნორვეგიელ კოლეგასთან ავღანეთისა და რეგიონში უსაფრთხოების საკითხები განიხილა

ნორვეგიული მხარის ინიციატივით, საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ინე ერიქსენ სორეიდეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ცნობილია, საუბრისას მხარეებმა ავღანეთიდან სამოქალაქო და სამხედრო პირების სასწრაფო ევაკუაციისა და ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული პროცესესის საკითხი განიხილეს, ასევე საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებასა და გამოწვევებს.

,,სატელეფონო საუბრისას ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც საქართველომ შეიტანა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში ავღანეთიდან საევაკუაციო ფრენების განხორციელებისას. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ის უმნიშვნელოვანესი როლი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ შეასრულა ავღანეთიდან სამოქალაქო და სამხედრო პირების სასწრაფო ევაკუაციისა და ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული პროცესების მართვაში. მინისტრმა სორეიდემ კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობა პარტნიორებისთვის ავღანეთში არსებული კრიზისული ვითარების ფონზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ნორვეგიულ მხარეს მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის. მინისტრმა ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრი, კვლავაც აქტიურად გააგრძელებს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

მხარეებმა მიმოიხილეს, ასევე, რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რთული ვითარება და გამოწვევები. დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, უკანონო ბორდერიზაციის პროცესსა და რეგიონში რუსეთის მზარდი მილიტარიზაციის საკითხზე. აღინიშნა საქართველოს კონსტრუქციული მიდგომა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში. ნორვეგიელ კოლეგასთან საუბრისას მინისტრმა რეგიონში საერთაშორისო პარტნიორების მეტი ძალისხმევის კონსოლიდაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი, მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი დაინტერესდა, ასევე, საქართველოში კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ვითარებით. დავით ზალკალიანმა ნორვეგიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში კოვიდ-ვაქცინების ფართო ხელმისაწვდომობისა და ვაქცინაციის პროცესის დადებითი დინამიკის თაობაზე. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, აგრეთვე, ქვეყნის მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლების თაობაზე და გამოხატა იმედი, რომ იგი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამომავლოდ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული კავშირების სწრაფ აღდგენას.

საუბრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზაობა თანამშრომლობისა გაღრმავებისა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე", - აღნიშნულია უწყების მიერ განცხადებაში.