მარინა ეზუგბაია: ლეტალობის მაჩვენებელი 2-3 კვირის შემდეგ შემცირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობის კლებას ლეტალობის შემცირება ჯერ ვერ მოჰყვება და ამას 2-3 კვირის თავზე უნდა ველოდოთ.

მისივე აზრით, ლეტალობის შესამცირებლად მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს მსუბუქ და საშუალო პაციენტებში დაავადების პროგრესირება და სანამ პაციენტების მკვეთრი დამძიმება მოხდება, სასურველია მათი კლინიკაში მოთავსება.

,,მეოთხე ტალღის დაწყებასთან ერთად დაიწყო გავრცელების მატება, რასაც მოჰყვება მაღალი სიკვდილობაც. შემთხვევების რაოდენობაზე არის დამოკიდებული მძიმე და კრიტიკული პაციენტების ხვედრითი წილი, როდესაც ხდება რაოდენობის მკვეთრი მატება, ასევე იზრდება მძიმე და კრიტიკული პაციენტები. ეს ის კანონზომიერებაა, რომელსაც ვერსად ვერ გავექცევით. ახლანდელი ლეტალობის მაჩვენებელი დამოკიდებული არ არის არასწორად მართულ პაციენტებზე, ეს არის გამოძახილი ადრე დაწყებული დაავადების რაოდენობის მატების. რაოდენობის მატებას თანდათან მოჰყვება ლეტალობის მაჩვენებლის მატება, მაგრამ რაოდენობის კლებას ჯერ ვერ წაჰყვება ლეტალობის შემცირება, ეს მოხდება 2-3 კვირის შემდეგ. დაავადების 80%-ში არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები, მაგრამ აქედან 15-20%-ში ხდება დაავადების პროგრესირება, პროგრესირების შემთხვევაში ეს უნდა შეფასდეს სწორად და პროგრესირების პროცესში, სანამ პაციენტების მკვეთრი დამძიმება მოხდება სასურველია მათი კლინიკაში მოთავსება. ეს არ არის დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია, უმეტეს ნაწილში ეს არის დაავადების პროგრესირება . ბუნებრივია, ერთეული შემთხვევები დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის იქნება, რაც შესაძლოა, დამოკიდებული იყოს როგორც საწოლების რაოდენობაზე, ასევე თვითონ პაციენტზე და მისი მდგომარეობის შეფასებაზე“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიამ მედიკამენტ „ტოცილიზუმაბთან" დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მკურნალობისას მის დანიშვნაზე გადაწყვეტილება კლინიკურმა ჯგუფმა უნდა მიიღოს, რადგან ამ პრეპარატს აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენებაც და უკუჩვენებაც

მისივე თქმით, ყველა წამალი ეფექტიანია, როდესაც ის ინიშნება დროულად და სწორად.

„ამ მედიკამენტსაც აქვს ჩვენებები და უკუჩვენებები, ამიტომაც „ტოცილიზუმაბის“ დანიშვნა უნდა გადაწყდეს მკურნალი ექიმისა და კლინიკის წამყვანი სპეციალისტების შეჯერებით, რადგან ამ პრეპარატს აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენებაც და უკუჩვენებაც. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიმღები უნდა იყოს კლინიკური ჯგუფი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 034 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 952 პაციენტი, 86 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 259 391 აცრა ჩატარდა. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 822 297 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.8 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 437 094, რაც მოზრდილი მოსახლეობის 15.3 პროცენტია.