კვლევა: ჰაერის დაბინძურებას ბავშვებში სიმსუქნისა და ასთმის გამოწვევა შეუძლია

ჰაერის დაბინძურების მაღალი დონის ზემოქმედებამ, შეიძლება, ბავშვებში სიმსუქნე გამოიწვიოს და ისინი ასთმის უფრო დიდი რისკის ქვეშ დააყენოს, - ამის შესახებ ინფორმაციას ახალ კვლევაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

კვლევის თანახმად, მსუქან ბავშვებში ასთმის გაჩენის რისკი 79% -ით იზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებში სიმსუქნის მრავალი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, "ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი", ნათქვამია განცხადებაში.

"ფილტვების მოვლის ფონდისა" და Pulmocare Research and Education-ის მიერ ჩატარებული კვლევა პირველია ინდოეთში, რომელმაც დაამყარა კავშირი ჭარბი წონის ბავშვებს, ასთმასა და ჰაერის დაბინძურებას შორის. ექსპერტები დიდი ხანია ამბობენ, რომ ბინძური ჰაერის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული დაავადებები, განსაკუთრებით ბავშვებში.

"ფილტვების მოვლის ფონდმა" შეისწავლა 3 157 მოსწავლე, 12 სკოლიდან. მათგან ნაწილი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქში - დელიში ცხოვრობს, ნაწილი კი, შედარებით სუფთა ჰაერის მქონე კოტაიამსა და მაისურუში. აღმოჩნდა, რომ დელიში მცხოვრები ბავშვების 39.8%-ს ჭარბი წონა აწუხებდა, მაშინ, როცა დანარჩენ ორ ქალაქში ეს მაჩვენებელი 16.4% იყო. ამავე კვლევის თანახმად, დელიში მცხოვრებ მოსწავლეებში ბევრად მეტადაა გავრცელებული ასთმისა და ალერგიის სიმპტომები.

კვლევამ ასევე დაადგინა, რომ დელის სკოლის მოსწავლეებს აქვთ ასთმისა და ალერგიის სიმპტომების "მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელი".

"როდესაც ადამიანი სუნთქავს დაბინძურებულ ჰაერს, ეს არღვევს ენდოკრინულ სისტემას და იწვევს სიმსუქნეს", - უთხრა დოქტორმა სალვიმ BBC-ს.