თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი 11 სექტემბრის ტერაქტების სამივე ადგილს ეწვევა

მომდევნო შაბათს, 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 20-წლისთავზე, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ეწვევიან სამივე ადგილს, სადაც, 2011 წელს, თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავდასხმა განახორციელეს, - ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

განცხადების თანახმად, ქვეყნის პირველი პირები პატივს მიაგებენ 3 ათასამდე დაღუპულის ხსოვნას.

ბაიდენი და მისი მეუღლე ეწვევიან ნიუ-იორკს, სადაც, ტერორისტები, ორი გატაცებული თვითმფრინავით, მსოფლიო მსოფლიო სავაჭრო ცენტრს შეეჯახნენ და 2 753 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს.

ამასთან პრეზიდენტი ჩავა არლინგტონში, სადაც გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს.

ბაიდენი ეწვევა სომერსეტ-ქაუნთის ველს პენსილვანიაში - მეოთხე თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილს.

ცნობისთვის, 2001 წლის 11 სექტემბერს, დილით, ალ-ქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა, მეორე დაეცა პენტაგონის შენობას, დანარჩენი ორი - ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა. ოთხივე თვითმფრინავის მგზავრები, ეკიპაჟი და ტერორისტები დაიღუპნენ.