საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი: ავღანეთი გამაფრთხილებელი სიგნალია ევროპის თავდაცვისთვის

Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის, ბრუნო ლე მეირის განცხადებით, ავღანეთში მომხდარი არეულობის შედეგად შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები ევროკავშირისთვის გამაფრთხილებელ სიგნალად უნდა იქცეს და გაერთიანება უფრო ამბიციური უნდა გახდეს თავდაცვის და გლობალური ლიდერობის მიმართულებით.

ლე მეირის თქმით, აშშ-ისა და ჩინეთის შემდეგ ევროკავშირი უნდა იქცეს ნომერ მესამე სუპერ ძალად მსოფლიოში, რადგან არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ევროპა ვეღარ დაეყრდნობა აშშ-ისგან დაცვას.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საფრანგეთი წელს 1,7 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს თავდაცვაში და სხვა ევროპულ ქვეყნებსაც მოუწოდებს, გააკეთონ იგივე.

მისი თქმით, ევროპის მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ძალად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია ისეთ სფეროებში ინვესტიციების ჩადება, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, კოსმოსური კვლევები, თანამგზავრები და ბიოტექნოლოგიები.

ცნობისთვის, 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს.

30 აგვისტოს აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა.