სალვადორში, ზედიზედ ორი ვადით, პრეზიდენტად არჩევა დასაშვები გახდა

სალვადორის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტს შეუძლია, მეორე ვადითაც იყაროს კენჭი. ეს გზას გაუხსნის ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ნაიიბ ბუკელეს, 2024 წელს, კიდევ ერთხელ ჩაერთოს საპრეზიდენტო მარათონში, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მოსამართლეები, რომელთაც გადაწყვეტილება მიიღეს, მაისში, უმეტესწილად, პრეზიდენტის პარტიის წევრებით დაკომპლექტებულმა ეროვნულმა ასამბლეამ დანიშნა. იქამდე, ასამბლეამ წინამორბედი მოსამართლეები გაათავისუფლა.

ოპოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს და ბუკელეს ავტორიტარულ ტენდენციებში სდებს ბრალს.

40 წლის ბუკელე ქვეყანას 2019 წლიდან, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მართავს. ის ხელისუფლებაში ძალადობისა და პოლიტიკური კორუფციის დაძლევის დაპირებით მოვიდა და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს ცენტრალური ამერიკის ღარიბ ქვეყანაში.