ჩინეთში გერმანიის ახლად დანიშნული ელჩი გარდაცვლილი იპოვეს

Reuters-ის ინფორმაციით, პეკინში გერმანიის ელჩი 54 წლის იან ჰეკერი გარდაიცვალა. ინფორმაცია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, თუმცა გარდაცვალების მიზეზს ჯერჯერობით არ ასახელებს.

იან ჰეკერი ჩინეთში ელჩის მოვალეობის შესრულებას ორი კვირის წინ შეუდგა. დიპლომატი ოჯახთან ერთად პეკინში აგვისტოში ჩავიდა და კორონავირუსის პანდემიის გამო ჩინეთის მთავრობის მიერ დაწესებული კარანტინიც გაიარა. საინფორმაციო სააგენტოებს გერმანიის საელჩოში უარი უთხრეს ელჩის გარდაცვალების შესახებ რაიმე კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებაზე.

იან ჰეკერი ჩინეთში ელჩად დანიშვნამდე იკავებდა საგარეო პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩევლის თანამდებობას და როგორც გერმანული სააგენტო dpa წერს, ანგელა მერკელის ნდობით აღჭურვილ პირად ითვლებოდა.