სენატორი ლინდსი გრემი: აშშ დაბრუნდება ავღანეთში

აშშ დაბრუნდება ავღანეთში, როგორც ეს ერაყის და სირიის შემთხვევაში მოხდა, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა BBC–სთან ინტერვიუში განაცხადა.

ამერიკელი სენატორის თქმით, ავღანეთში ჯარისკაცების დაბრუნების საფუძველი ტერორიზმის გაზრდილი საფრთხე იქნება.

ლინდსი გრემის თქმით, ერაყში ამჟამად ხუთი ათასი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, რადგან „ისლამური სახელმწიფო“ ძლიერდება და თავს ესხმის ამერიკის, საფრანგეთის და ბრიტანეთის მოქალაქეებს.

ამერიკელის სენატორი ინტერვიუში ამბობს, რომ ავღანეთში „ისლამური სახელმწიფო“ გაძლიერდება და შიდა ბრძოლის შედეგად მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყანა დაიშლება, რაც დასავლურ ინტერესებზე თავდასხმისთვის კარგ საფუძველს შექმნის.

შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს ქაბული აშშ-ს საევაკუაციო მისიის ბოლო თვითმფრინავმა დატოვა, ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების 20-წლიანი მისია დასრულდა.