ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილები საქართველოს ადგილობრივი არჩევნებისთვის

Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარები ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობენ. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა (ევროპის სახალდო პარტიის ჯგუფი, ქრისტიან დემოკრატები) განაცხადა, რომ ევროპარლამენტიდან არჩევნებზე დამკვირვებლების ჩამოსვლა იგეგმება. მას მოლოდინი აქვს, რომ ეს არჩევნები გამჭვირვალედ ჩაივლის.

„ჩვენ ველით, რომ ეს არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ ყველა ევროპული სტანდარტის შესაბამისად. ეს იყო კიდეც შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მიზანი. მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, არ შეასრულოს ეს შეთანხმება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ არჩევნები მართლაც გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება.

მმართველმა პარტიამ გასცა დაპირება, რომ თუ ადგილობრივი არჩევნების დროს მიიღებდა 43%-ზე ნაკლებს, დაინიშნებოდა საპარლამენტო არჩევნები. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მმართველმა პარტიამ შეასრულოს ეს დაპირება. ამგვარად, ადგილობრივი არჩევნები გარკვეულწილად მნიშვნელოვანი ხდება არამხოლოდ როგორც მუნიციპალური არჩევნები, არამედ, როგორც შესაძლო ნაბიჯი გამოსავლისკენ. აქვე აღვნიშნავ, რომ იგეგმება ევროპარლამენტიდან არჩევნებზე დამკვირვებლების ჩამოსვლა, თუმცა ეს პანდემიაზე დამოკიდებული. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ და იმედი მაქვს, რომ დამკვირვებლები ჩამოვლენ“, - განუცხადა ანდრიუს კუბილიუსმა Europetime-ს.

თავის მხრივ, ევროპარლამენტარ, საგარეო კომიტეტის წევრ, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი არჩევნებია, ეს არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მას აქვს გავლენა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. შედეგი კი, ისევე როგორც არჩევნების შემდგომი მოვლენები, დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებას.

ასევე წაიკითხეთ: ეუთომ საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია გახსნა

„ამიტომაც ვამზადებთ ევროპარლამენტიდან სრულფასოვან სადამკვირვებლო მისიას. ვიცი, რომ ბევრი სხვა დამკვირვებელიც გეგმავს ჩამოსვლას. ეს არის ძლიერი სიგნალი ყველასთვის საქართველოში, ვისაც დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურს“, - განაცხადა გერმანელმა პოლიტიკოსმა (ფრაქცია „კავშირი 90/მწვანეები) ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ცნობისთვის, საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ: ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ

ირაკლი ღარიბაშვილი: ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება, ამაზე საუბარი ჩვენ დავასრულეთ