დონბასის კრიზისზე მოლაპარაკებებში აშშ ჩაერთვება - უკრაინის ვიცე-პრემიერი

შეერთებული შტატები დონბასის კრიზისის დარეგულირების პროცესში მონაწილეობას მიიღებს, განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინმა. მანვე აღნიშნა, რომ ახლა მოლაპარაკებები გაიმართება არამხოლოდ ნორმანდიის ფორმატში, არამედ უფრო ფართო ფორმატში, რომელშიც შეერთებულ შტატებიც მიიღებს მონაწილეობას.

„არ შემიძლია დეტალებზე საუბარი, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ შეერთებული შტატები ხედავს თავის მთავარ როლს დონბასში კონფლიქტის მოგვარებასა და ყირიმის დაბრუნების საკითხში. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს თვეებში არაერთი ვიზიტი შედგება. იქნება დისკუსია საგარეო საქმეთა მინისტრების, უსაფრთხოების მრჩევლების დონეზე “, - განაცხადა სტეფანიშინმა უკრაინული არხის ეთერში. მისი თქმით, შეერთებული შტატები მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესებში.

ასევე წაიკითხეთ: აშშ-მ უკრაინას თავდაცვის სფეროსთვის 60 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო

პირველ სექტემბერს, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფოს შესახებ გამოაცხადა.

აშშ აცხადებს, რომ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან 2.5 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.

უკრაინელი პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ ორი პრეზიდენტის შეხვედრა უკრაინა-ამერიკის ურთიერთობებში გარღვევა იყო.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლპოდიმირ ზელენსკიმ აპრილში განაცხადა, რომ დონბასის კრიზისზე მოლაპარაკებებში აშშ-ის, კანადის და დიდი ბრიტანეთის ჩართვა სურს.

მისი თქმით, არსებობს ორი ვარიანტი, პირველი გულისხმობს მინსკის ფორმატის შეცვლას, ან ჩასწორებას. მეორე კი, სხვა ფორმატის განხილვის შესაძლებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, მინსკის პროტოკოლს, რომლის მიზანიც დონბასში ომის დასრულება, ხელი 2014 წელს მოაწერეს უკრაინამ, რუსეთმა, ეუთომ და უკრაინის სეპარატისტულმა რეგიონებმა, ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ და ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ.