პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

126 ხმით, პარლამენტმა, პირველი მოსმენით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო ფრაქციების შექმნისთვის დაწესებული პარლამენტის წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხამდე მცირდება.

ასევე ცვლილებების მიხედვით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დგინდება 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი; საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი უნდა ყოფილიყო ასევე გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, რომელსაც უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც ამჟამად ანულირებულია, ასევე გათვალისწინებული იყო გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, თუმცა რადგან წარმოდგენილი ცვლილება ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხარისხს ამცირებს და ვერც ოპოზიციამ წარმოადგინა მისი მიღების არგუმენტები, შესაბამისად, კანონპროექტის მე-13 პუნქტის კენჭისყრა დღის წესრიგიდან მოიხსნა.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, კონსტიტუციური კანონის პროექტიდან, გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული საკითხების ამოღება, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მმართველ ძალას არ სურს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემებზე პოლიტიკური კონტროლის შემცირება.