საგარეო ვაშინგტონის დეკლარაციაზე: იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ისტორიულ მოვლენას ჯაჭვური რეაქციის ეფექტი ექნება

საგარეო საქმეთა სამინისტრო, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის, „აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით“ მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. განცხადებაში, წერია, რომ „საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას და თანამშრომლობის გაძლიერებას.“



„ეს ისტორიული შეთანხმება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს და გზას უხსნის რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების ახალ შესაძლებლობებს.


საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას და თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც მიმართული იქნება სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ.


განსაკუთრებით მივესალმებით სამხრეთ კავკასიაში ათწლეულების განმავლობაში გაჭიანურებული კონფლიქტის დასრულების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატებისა და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამორჩეულ წვლილს და ძალისხმევას.


იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ისტორიულ მოვლენას ჯაჭვური რეაქციის ეფექტი ექნება შავი ზღვის რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თვალსაზრისით,“ წერია განცხადებაში.


თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მეზობელ ქვეყნებს ისტორიულ შეთანხმებას ულოცავს. მისი თქმით, საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება.


„დონალდ ტრამპს, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს ამ წარმატებას, მნიშვნელოვანი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასა და რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას ვულოცავ. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა რეგიონულ მშვიდობასა და თანამშრომლობას და მის ურყევ მხარდაჭერას გააგრძელებს,“ - წერს ირაკლი კობახიძე X-ზე.