რა ინფორმაცია მიაწოდეს შეხვედრისას ოპოზიციის ლიდერებმა კონგრესმენებს

საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკელ კონგრესმენებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ „ევროპული საქართველოს“, „ლელოსა„ და „დროას“ ლიდერები.

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყველა პრობლემას, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდს, მედიას, რუსეთს.

„იყო საუბარი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები ქვეყნის ბედისთვის, პირველ რიგში ეს არჩევნები ეხება ამ ქვეყნის კურსს, გავაგრძელებთ დასავლეთისკენ სვლას თუ დავბრუნდებით რუსეთის წიაღში, ყველა პრობლემაზე იყო საუბარი, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით. მედიასთან დაკავშირებით, ძალაუფლებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით აინტერესებდათ რუსეთთან მიმართებით ქვეყანას ახლა რა მდგომარეობა აქვს და რა განსხვავებაა არსებულ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრის შემდეგ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, განსახილველ საკითხებში იყო 5 ივლისის მოვლენები, მედიაზე ზეწოლა, საქართველოს პროდასავლური კურსის საფრთხის ქვეშ არსებობა, ამერიკული და დასავლური დახმარების ფეხქვეშ გათელვა.

„ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ ოქტომბრის რეფერენდუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლის მიუხედავად, 43% არსად გამქრალა“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა რუსეთის გავლენის ზრდის თემაზე გაამახვილა ყურადღება.

„მთავარი საკითხი კონგრესმენების ამ დელეგაციასთან იყო მაინც რუსეთის გავლენის ზრდა და რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს რუსეთის მეტ გავლენას. 5 ივლისის მოვლენები, როდესაც რუსეთთან ღიად დაკავშირებულ ექსტრემისტებს უბოძა დაუსჯელობის გარანტია ღარიბაშვილმა. საქართველოს საგარეო პოლიტიკის დე ფაქტო, მნიშვნელოვანი ეროზია. ბევრნაირად შეიძლება ამ გავლენის გაზომვა.

ამ კონგრესმენებს წინა პერიოდში საქართველოსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ ჰქონიათ. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმგვარად წარმოჩენა რეალობისა, რომელიც მათთვის უფრო გასაგებად წარმოაჩენდა მთელ კონტექსტს, რომ საით მიექანება, საით მიათრევს „ქართული ოცნება“ საქართველოს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა.

თავის მხრივ, „დროას" ლიდერი აცხადებს, რომ საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ ძლიერდება რუსეთის გავლენა საქართველოში.

„ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ პრობლემაზე რაც არის არჩევნებთან დაკავშირებული, სახელმწიფოს მიტაცებასთან დაკავშირებული, დემოკრატიასთან დაკავშირებული და საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებზე, თუ როგორ ძლიერდება აქ რუსეთის გავლენა. მათ დიდი ინტერესი აქვთ, თუ საით მიდის საქართველო", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საუბარი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თემაზე.

„ავუხსენით, რომ ქვეყანა დგას გზის გასაყარზე, რომ დასავლეთის ვექტორს ექმნება პრობლემა. ასევე ავუხსენით ის მძიმე მდგომარეობა, რაც უცხოურ პირდაპირ ინვესტიციასთან არის დაკავშირებული. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ ამერიკული კომპანიების შესახებ, რომლებიც ანაკლიის პროექტში იყვნენ ინვესტირებულები და შესაბამისად, მათი ინვესტიცის ექსპროპირება მოხდა. ისინი დაინტერსდნენ ამ საკითხით და გაყვებიან ამ თემას. დარწმუნებული ვარ, პესრონალური სანქციები ამოქმედდება მათ მიმართ, ვინც ჩვენი ქვეყნის წინსვლას შეუშალა ხელი“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, კონგრესმენები საქართველოში 9 სექტემბრამდე დარჩებიან.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი).

ამავე თემაზე:

საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენები თავისუფალ ვაჭრობის და პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების საკითხებით ინტერესდებიან