ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კახა კუჭავასთან შეხვედრაზე ადგილობრივი არჩევნების საკითხს შეეხო

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მარგარეტა ცედერფელტი მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. კახა კუჭავა ავსტრიაში იმყოფება, სადაც პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოსა და ასამბლეას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„პრეზიდენტი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ აირჩიეს, ჩვენი ქვეყნის მეგობარია. ვისაუბრეთ სხვადასხვა მიმდინარე საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობისთვის. საუბარი შეეხო არამხოლოდ რეფორმებს და ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერების გეგმებს, არამედ არჩევნებსაც, რომელსაც ოქტომბერში ჩავატარებთ, ასევე, ოდირის წარმომადგენლობას, რომელიც დაესწრება არჩევნებს და ანგარიშებს მოამზადებს. მათთვის საინტერესო იყო, მოესმინათ რეკომენდაციების შესრულების პროცესი, რომელიც საარჩევნო კოდექსში უკვე ავსახეთ და მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ პოზიტიური სიგნალი იმ კუთხით, რომ ამას მხარი დაუჭირა არამხოლოდ მმართველმა პარტიამ, არამედ შემუშავდა და მიღებულია ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით. ეს მათთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კუჭავამ.