ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი და სომხეთის საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი - მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა

ჩვენი და სომხეთის საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი - მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშიანიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სტაბილურობას.

„ჩემთვის დიდი პატივია ნიკოლ ფაშინიანის მასპინძლობა საქართველოში. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ბატონ პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ მოიპოვა. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ დაიწყოს ახალი ერა სომხეთისა და სომეხი ხალხისთვის.

მე გავეცანი ბატონი პრემიერის ახალ ხედვას, რომელიც სომხეთის განვითარებას და სომეხი ხალხის კეთილდღეობას უკავშირდება.

რა თქმა უნდა, ყარაბაღის ომი ჩვენი რეგიონისთვის იყო რთული გამოწვევა, მაგრამ ახლა, გავეცანი რა ბატონი პრემიერის ახალ ხედვას, მჯერა, რომ აღნიშნული გამოწვევა გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობად. შესაძლებლობად, რომელიც მოუტანს კეთილდღეობას სომხეთსა და სომეხ ხალხს.

რა თქა უნდა, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სტაბილურობას. და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად რეგიონის სტაბილურობასთან. შესაბამისად, ჩვენს საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი - მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც რეგიონის სამივე ქვეყანას გვაერთიანებს.

მოგეხსენებათ, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე. ჩვენ ეს რამდენიმე ხნის წინ საქმით დავამტკიცეთ.

რამდენიმე თვის წინ ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ საქართველოს, კერძოდ ჩემი მედიაციით, ბატონი პრემიერის უშუალო მონაწილეობით, მონდომებით, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ძალისხმევით, ჩვენ, სამმა ქვეყანამ, სამმა ლიდერმა მოვახერხეთ და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც უკავშირდებოდა სომეხი ტყვეების დაბრუნებას სამშობლოში და ასევე, აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის, რუკების გადაცემას.

ეს წარმატებული პრეცედენტი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ. ასე რომ, მე პრემიერს კიდევ ერთხელ დავუდასტურე სრული მზადყოფნა იმისა, რომ საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი იმისთვის, რომ აღდგეს ნდობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის საფუძველთა საფუძველია. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ახალი თანამშრომლობის იდეები, ახალი პროექტები.

განვიხილეთ საკითხები, რომელიც უკავშირდება ეკონომიკას, ვაჭრობას, ტრანსპორტს, დაკავშირებადობას, მათ შორის მასშტაბური პროექტების თაობაზეც ვისაუბრეთ, რომელიც ბატონ პრემიერს აქვს, ტურიზმს, ენერგეტიკას, კულტურას, განათლებას - ეს ის საკითხებია, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და რომელზედაც ჩვენ აბსოლუტური თანხვედრა გვაქვს.

მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს საინტერესო სატრანზიტო პოტენციალი. ამის თაობაზეც გვქონდა ჩვენ განხილვა. სრულად უნდა იყოს გამოყენებული, ათვისებული ყველა ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს გააჩნია.

მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონში, სადაც არაერთი კონფლიქტი მოხდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, სავსე იყო და ჯერ კიდევ არის მოუგვარებელი კონფლიქტებით, ჩვენი საერთო ხედვა და ძალისხმევა უნდა იყოს ის, რომ ეს რეგიონი ეტაპობრივად გარდავქმნათ ახალი შესაძლებლობების, განვითარების და მშვიდობის რეგიონად. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ხედვა და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას",- განაცხდა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამავე თემაზე:

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოშია