მადლენ ოლბრაიტი: ქართველ ხალხსა და საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნისთვის მაღალი სტანდარტები აქვთ დაწესებული

„დემოკრატია მუდმივ პროგრესს მოითხოვს, ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენცია კი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია“, - განაცხადა მადლენ ოლბრაიტმა, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა NDI-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე.

„სამწუხაროდ, დესტრუქციული პოლიტიკური მეტოქეობა ქვეყანას, ინსტიტუტებსა და მოქალაქეებს ზიანს აყენებს. დემოკრატიის გასაძლიერებლად აუცილებელია დიალოგი, ჩართულობა და კომპრომისი. ქართველ ხალხსა და საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნისთვის მაღალი სტანდარტები აქვთ დაწესებული“, - აღნიშნა ამჟამად უკვე NDI-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ.

„კონსტრუქციული დიალოგი პასუხისმგებლიანი და წარმომადგენლობითი მმართველი სისტემის აუცილებელი კომპონენტია. ქართულ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები სრულიად მიუღებელია”, - აღნიშნა შეხვედრის კიდევ ერთმა მონაწილემ, ვერმონტის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა ჰოვარდ დინმა.

მისივე შეფასებით, „მთავრობამ იმ ჯგუფების პასუხისმგებლობა უნდა უზრუნველყოს, რომლებიც ცდილობენ, ხელი შეუშალონ მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას, მათ შორის დამოუკიდებელ მონიტორინგს, საარჩევნო პროცესების ანალიზსა და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების მოსაზრებების გავრცელებას“.

„ეს მმართველ გუნდად ყოფნის ტვირთია“, - აღნიშნავს NDI-ის ინფორმაციით, ჰოვარდ დინი.

ონლაინდ დისკუსიაში მონაწილეობდა ევროკავშირის ყოფილი ელჩი პერ ეკლუნდი. დიპლომატის შეფასებით, სამწუხაროდ, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები ახალი არ არის.

„ეს პრობლემები ქვეყანას სხვადასხვა მთავრობის დროს აწუხებდა, ყველა პოლიტიკური ლიდერის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ ეს გამოწვევები მომავალ ადმინისტრაციებსაც არ გადაეცეს. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტიას ლიდერობის უფრო დიდი ტვირთი აქვს, ოპოზიციური პარტიებიც კეთილსინდისიერად უნდა ჩაერთონ ამ პროცესებში“, - აღნიშნავს ევროკომისიის ყოფილი ელჩი პერ ეკლუნდი.

ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო ექსპერტების გუნდმა პოლიტიკურ პარტიებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან მაღალი დონის ონლაინ შეხვედრები გამართა.

ორგანიზაციის ცნობით, შეხვედრები მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას; ამასთან, გამოხატავდა საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ საარჩევნო პროცესებში ჩართული ყველა სუბიექტი დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების ყველა პრინციპს დაიცავს.

გუნდს უძღვებოდნენ მადლენ ოლბრაიტი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ჰოვარდ დინი, ვერმონტის შტატის ყოფილი გუბერნატორი და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში; კენეთ უოლაკი, ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და NDI-ის ყოფილი პრეზიდენტი. გუნდის სხვა წევრებს შორის იყვნენ აშშ-ის კონგრესისა და NDI-ის უფროსი წარმომადგენლები.

ორგანიზაციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო და ადმინისტრაცია უმეტესწილად გამართულია, NDI-ის შეხვედრებზე რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა, რომელთა დიდი ნაწილი წინა არჩევნებისა და მთავრობების დროსაც არსებობდა.

„საარჩევნო კამპანია არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გააქტიურდება, თუმცა დღეისათვის ყველა პარტია არ აკეთებს საკმარისს მოქალაქეებთან შესახვედრად და მათ საჭიროებებზე სასაუბროდ.

აღსანიშნავია, რომ ამდროისთვის პოლიტიკური დებატების ნაკლებობა შეინიშნება, რაც მოქალაქეებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას უზღუდავს. შეხვედრების მონაწილეებმა საარჩევნორე გულაციების არასრული ან შერჩევითი აღსრულების, სახელმწიფო რესურსებისა დაპროკურატურის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებაც გამოთქვეს შეშფოთება.

5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა შეშფოთება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლად მოქმედებისა და განსხვავებული შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობების შეზღუდვისა და ოპოზიციური პარტიების შევიწროებისა და დაშინების გამო. ამ ფუნდამენტური თავისუფლებების დაუცველობამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს არჩევნებისადმი ნდობას.

მიუხედავად ამისა, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და საარჩევნო კანდიდატს საარჩევნო პროცესებში კეთილსინდისიერი მონაწილეობა ევალება. რეგიონში არასტაბილურობისა და მსოფლიოში ავტორიტარიზმის ზრდის ფონზე, აუცილებელია ამ საკითხების გადაწყვეტა, რათა გამყარდეს საქართველოს პოზიცია ევროპული ერების ოჯახში, გაძლიერდეს უსაფრთხოება დაგაძლიერდეს ტრანსატლანტიკური პარტნიორობა“, - აღნიშნავს NDI.

ამავე თემაზე: ადგილობრივ არჩევნებზე ცესკოში ამ დროისთვის 25 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციია დარეგისტრირებული