„მთიან ყარაბაღზე მიღწეულმა შეთანხმებამ აშშ-ის მხრიდან სამხრეთ კავკასიაში ინტერესისა და აქტივობის ნაკლებობა აჩვენა“, - ამის შესახებ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.
ის თეთრ სახლში მუშაობის პერიოდს იხსენებს, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის შეხვედრაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან, რობერტ ქოჩარიანთან და ჰეიდარ ალიევთან. ბრაიზა ამბობს, რომ ეს საკითხი მაშინ აშშ-ის ჩარევის გარეშე ვერ გადაწყდებოდა, ახლა კი სირცხვილია, როდესაც შეერთებულმა შტატებმა აქტიური როლი ვერ ითამაშა.
მისი ქმით, ივლისში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო მოქმედებებს დროს, გასაგები გახდა, რომ აშშ და სხვათა შორის საფრანგეთიც არ აპირებდა აქტიური როლის თამაშს იმაში, რომ დაძაბულობა ჩამცხრალიყო და ასეც მოხდა.
მეთიუ ბრაიზას განცხადებით, ეს ქვეყნები ბოლომდე აქტიურები არ იყვნენ, როლის შესრულება კი თავის თავზე აიღეს რუსეთმა და თურქეთმა.
საბოლოო ჯამში კი გადაწყდა, რომ სამშვიდობოები რუსეთიდან და თურქთიდან იქნებიან ადგილზე - ამ ფაქტს ამერიკელი დიპლომატი ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს, რადგან მიიჩნევს, რომ თურქეთი, როგორც ნატოს წევრი, და სამხედროების რაოდენობით ნატოს რიგით მეორე სახელმწიფო, ბალანსს შეუწყობს ხელს.
მეთიუ ბრაიზა აღნიშნავს, რომ მთიან ყარაბაღზე 10 ნოემბრის შეთანხმება ეყრდნობა პრინციპებს, რომლებიც მინსკის ჯგუფმა 2007 წელს მოამზადა.
მისი თქმით, აშშ, რუსეთი და საფრანგეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოლაპარაკებების პროცესში დაეხმარნენ, რაზეც წინასწარი შეთახმება ამ ქვეყნების ლიდერების მხრიდანაც არსებობდა, მაგრამ მათ ვერ შეძლეს პროცესის ბოლომდე მიყვანა და ძირითადი პრინციპების დეტალებზე შეჯერება.
როგორც ბუშის ადმინისტრაციის ყოფილმა სპიკერმა განაცხადა, ამ შეთანხმების ვერსია ითვალისწინებდა აზერბაიჯანის კონტროლის დაბრუნებას მთიანი ყარაბაღის მიმდებარე შვიდივე აზერბაიჯანის ოლქზე, რომელიც იმჟამად სომხეთს ჰქონდა ოკუპირებული; სანაცვლოდ, სომხეთი მიიღებდა "დროებით იურიდიულ სტატუსს" და საბოლოოდ, საბოლოო იურიდიულ სტატუსს, რომელიც განისაზღვრებოდა მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების ხმით. ბრაიზამ აღნიშნა, რომ ეს ვერ და არ მოხდებოდა წარსულში აშშ-ის მონაწილეობის გარეშე. „ ...მაგრამ სამწუხაროა, რომ აშშ ამჟამად არ თამაშობს აქტიურ როლს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში“.
მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ინტერვიუში მაიკ პომპეოს ვიზიტსაც შეეხო და განაცხადა, რომ აშშ-ის გზავნილია, დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაში - ამასთან, შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ მთავრობამ, ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთად უნდა იმუშაონ ამ მიმართულებით.
„მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუმარტა, რატომ არ შეხვდა სახელმწიფო მდივანი ოპოზიციას. მან თქვა, რომ ყველამ, განსაკუთრებით ოპოზიციამ, არჩევის შემდეგ ბევრი უნდა იმუშაოს, რომ მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო ცხოვრებაში და ფოკუსირდნენ იმ რეფორმებზე, რომლებზეც სურთ მუშაობა - განსაკუთრებით, საარჩევნო რეფორმაზე.
როგორც ელჩმა აღნიშნა, სახელმწიფო მდივანს სჯერა, რომ არსებული დემოკრატიული მექანიზმების გამოყენება და მის გასაუმჯობესებლად მუშაობა მნიშვნელოვანია. ეს უკანასკნელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია აშშ-ის ოფიციალური პირებისთვის.
მეთიუ ბრაიზას განმარტებით, როგორც აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, ასევე სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცნობიერებენ, რომ ამ უკანასკენლის გადაწყვეტილება არ შეხვედროდა ოპოზიციას საკმაოდ არაპოპულარული აღმოჩნდა ქართული ოპოზიციიისთვის, თუმცა დაამატა, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ რიკერის დარჩენა თბილისში ოპოზიციასთან შეხვედრის მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, ისევე როგორც მაიკ პომპეოს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებთან.
რომ შევაჯამოთ, აშშ-ის გზავნილია, დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაში. ამერიკას სჯერა, რომ მთავრობამ, ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთად უნდა იმუშაოს ამ მიმართულებით.
არ ვიცი, რა წინადადებით ჩამოვიდა სახელმწიფო მდივანი საქართველოში, თუმცა აღვნიშნავ, რომ თავად ფაქტი, რომ ეს ვიზიტი შედგა, შესანიშნავია. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ პოლიტიკური კრიზისის, ოპოზიციასა და მთავრობას შორის ღრმად პოლარიზებული გარემოს მიუხედავად, აშშ-ს სურს, დაეხმაროს ქართველ ხალხს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.
ამასთან, ეს ვიზიტი ასევე ხაზს უსვამს აშშ-ის სურვილს, დაეხმაროს საქართველოს, ნატოსთან კავშირების გაღრმავებაში“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი.