„ვალის დონე ეკონომიკასთან მიმართებით უნდა შემცირდეს და 60%-იანი ნიშნული, რასაც 2020 წელს მივაღწიეთ, არ არის ის, რითაც ქვეყანას შეუძლია, ეკონომიკურ განვითარებას მიაღწიოს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ევროკავშირის ტრანშზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
„საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა რა თქმა უნდა არ იყო სწორი და არ არის სწორი. ჩვენ გაცხადებული გვქონდა რამდენიმე თვის წინ, რომ ვალის დონე ეკონომიკასთან მიმართებით უნდა შემცირდეს და 60%-იანი ნიშნული, რასაც 2020 წელს მივაღწიეთ, არ არის ის, რითაც ქვეყანას შეუძლია, ეკონომიკურ განვითარებას მიაღწიოს. შესაბამისად, ის, რომ ვალის დონე ეკონომიკასთან მიმართებით უნდა შემცირდეს, ეს არის მიზანი.
კონკრეტული ვალის აღების საკითხზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული მხოლოდ და მხოლოდ ფისკალური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და არა სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. მეორე საკითხი, რაც ამავე ხელშეკრულებას ეხებოდა, ეს არის რეფორმების თემა და რეფორმებთან მიმართებაში გაცხადებული აქვს საქართველოს მთავრობას, რომ რეფორმები, რომლებიც არის დაწყებული აუცილებლად გაგრძელდება და ბოლომდე მივა. რაც შეეხება საკითხს სხვა ვალებთან მიმართებაში, სხვა ვალებთან დაკავშირებითაც კორექტირებების გარკვეული მოლოდინი უნდა გვქონდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ვალის დონის შემცირება აუცილებელია.
ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო აღარ აიღებს დამატებით სესხს კონკრეტულ პროექტებთან მიმართებით. ეს სესხები შესაძლებელია, რომ აიღოს ქვეყანამ, თუმცა ამ ნაწილშიც განიხილება სხვადასხვა მოდელი, მათ შორის ის მოდელი, რომ სესხის მოცულობა კონკრეტულ პროექტთან მიმართებით შემცირდეს და ბიუჯეტმა მოახდინოს თანხის ნაწილის კომპენსირება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება და ამის მიზეზად საგარეო ვალის შემცირება დაასახელა. უფრო ადრე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. მთავრობის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა. მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეახსენა საქართველოს მთავრობას, რომ მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდებოდა და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია.
ამავე თემაზე: