კახა გოგოლაშვილი: მომავალში, როდესაც ბევრი სხვა დახმარება დაგვჭირდება, ევროკავშირი ნებისმიერ შემთხვევაში მოგვთხოვს რეფორმების შესაბამისობაში მოყვანას

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ 2020 წლის 25 მაისს, მაკროფინანსური დახმარების გაცემა სხვა ქვეყნებთან ერთად, არამხოლოდ საქართველოსთვის არამედ, მოლდოვისა და უკრაინისთვისაც გადაწყვიტეს. დახმარება მიზნად ისახავდა ეკონომიკაზე კორონავირუსის პანდემიის გავლენის შემცირებას. არსებული საგრანტო შეთანხმებების ფარგლებში, ევროკომისიის მიერ, 2020 წლის 25 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში ერთი დეტალიც არის საყურადღებო. კერძოდ, ტექსტში აღნიშნულია, რომ შემდგომი ტრანშის გაცემა განპირობებული იქნება ამ დოკუმენტით განსაზღვრული პოლიტიკის პირობების შესრულებით.

ასევე წაიკითხეთ: რას ითვალისწინებს ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე მემორანდუმი და რა წერია დოკუმენტში

„ევროკავშირის მხრიდან შემდგომი დახმარებებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“ - მიიჩნევს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი.

Europetime-თან ინტერვიუში ის აცხადებს, რომ მომავალში, როდესაც ბევრი სხვა დახმარება დაგვჭირდება, ევროკავშირი ნებისმიერ შემთხვევაში მოგვთხოვს მოსამართლეების არჩევის წესის შეცვლას და რეფორმის შესაბამისობაში მოყვანას.

„მხოლოდ ამ გრანტზე რომ არ არის საუბარი, ევროკავშირისგან აწი არაფერი არ დაგვჭირდება?! ჩვენზე ძლიერი ეკონომიკის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში წევრიანდებოდნენ და ახლაც გაწევრიანების პროცესში არიან, ევროკავშირს ყოველთვის სხთოვენ დამატებით სესხს ან დახმარებას. განა ევროკავშირის გრანტებით არ ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები?! მათ შორის, ევროპა-აზიის დეფერანს რომ ვაშენებთ. სხვა დონორებიც არიან, მაგრამ ძირითადი გარანტორი არის ევროპის საინვესტიციო ბანკი.

არ დაგავიწყდეთ, რა თქვა ამერიკის ელჩმა : თუ არ გჭირდებათ ფული, ჩვენც გადავხედავთო. სამხედრო შეიარაღების შესაძენად აშშ საქართველოსთვის 36 მილიონს რომ გამოყოფს, ახლა იტყვიან, არ გჭირდებათ და თქვენ იყიდეთ, გადაიხადეთო.

ასე რომ, სტრატეგიულად ძალიან დამაზიანებელი ნაბიჯი გადაიდგა. არჩევნების წინ, ეს იყო ტაქტიკური სვლა, არ უნდოდათ სკანდალი, რომ აი, ევროკავშირმა ტრანში შეუჩერა საქართველოს და ასე შემდეგ.

ევროკავშირიდან ტრანშის შეჩერება დამაზიანებელი იქნებოდა „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნების წინ და თვითონ მთავრობის განცხადება, უარი თქვას მაკროფინანსურ დახმარებაზე, დამაზიანებელია მთლიანად ქვეყნისთვის. უბრალოდ, „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ არაუშავს, ახლა ვაწყენინებთ ევროკავშირს და არჩევნების შემდეგ ისევ დავამყარებთ კარგ ურთიერთობებსო. თუმცა ეს სტრატეგიულად დამაზიანებელია იმიტომ, რომ ქვეყანამ შესაძლოა, დონორებისგან სხვა დახმარებები ვერ მიიღოს, ამერიკასაც და ევროკავშირსაც კრიზისი აქვთ კოვიდის გამო. ამდენი ხარჯი აქვთ, თავისი მოსახლეობისთვის სჭირდებათ მხარდაჭერა ხომ?!“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მაკროფინანსური დახმარების პაკეტი საქართველოს გარდა, უკრაინამ და მოლდოვამაც მიიღეს, რომელთანაც ქვეყანას ასოცირებული ტრიოს ფორმატი აერთიანებს.

კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს გადაწყვეტილება მთლიანად ევროპული ინტეგრაციის პროცესს მიაყენებს ზიანს, მათ შორის, რაღაც გავლენა შესაძლოა, ასოცირებულ ტრიოზეც ჰქონდეს.

„რა აზრი აქვს ასოცირებულ ტრიოს, თუ ევროკავშირთან აფუჭებ ურთიერთობებს?! ეს ხომ იმისთვის გვჭირდება, რომ სამმა ქვეყანამ ერთად მოახერხოს ევროკავშირთან დაახლოება და თუ შენ თავად აჩერებ, რად გინდა ასოცირებული ტრიო?!“, - აღნიშნავს ექსპერტი და მოლდოვის მაგალითს განიხილავს.

„იყო პერიოდი, როცა დიდი დოზით მიითვისეს ევროკავშირის დახმარება რაღაც ბიზნეს სტრუქტურებმა. მაშინ, ევროკავშირმა მოლდოვას გარკვეული დროით შეუჩერა დახმარება. შემდეგ განაგრძო დახმარება მოსახლეობისთვის და მიაღწია იმას, რომ შეიცვალა ხელისუფლება. მაია სანდუ ვერ მოვიდოდა ხელისუფლებაში, ევროკავშირის სრული მხარდაჭერა და გარანტიები, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დახმარებას აღმოუჩენდნენ.

ალბათ, აქაც ასე იქნება. თუ გაცივდება ურთიერთობები „ქართულ ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის, ევროკავშირიც და აშშ-ც შეეცდებიან, მოძებნონ ალტერნატიული ძალა/ძალები (ოპოზიციური) საქართველოში, რომ შეცვალონ ხელისუფლება, რომლის იმედიც არ აქვთ ბოლომდე.

ევროკავშირს სურს, ხელისუფლება იყოს დემოკრატიული, დემოკრატიულად არჩეული და დემოკრატიული რეფორმების გამტარებელი. მარტო ასე არ გამოვა - მე შენი მეგობარი ვარ და შენთან მინდა. თურქეთიც ასე იყო და ხომ ნახეთ, შეუჩერა მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე და უთხრა - „თქვენ არ ატარებთ დემოკრატიულ რეფორმებს, თან ევროკავშირში გინდათ და თან გინდათ, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ განავითაროთ, ასე არ გამოვა“. თურქეთი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა განმარტებას, რატომ გააჩერა ევროკავშირმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, ერდოღანი პრემიერ-მინისტრობისა დროსაც კი ამას ლაპარაკობდა.

ჩვენთანაც ზუსტად ის ვარიანტია, რასაც თურქეთი აკეთებდა, უბრალოდ, უფრო მინიმალისტურ მასშტაბებში, ჩვენ განვსხვავდებით მათი მასშტაბებისგან, თუმცა საქართველოში ვითარდება მართლმადიდებლური ფუნდამენტალისტური ელექტორატი, რასაც მთავრობა უწყობს ხელს, რადგან რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი სჭირდება. ხედავს, რომ მათია ეს ამომრჩეველი და ფიქრობენ, „რახან ჩვენია, მოდი, გავაძლიეროთ“.

მაგრამ ეს ჩვენს სტრატეგიულ მიზნებს ეწინააღმდეგება და შეიძლება, აქაც ისე მოხდეს, როგორც თურქეთის შემთხვევაში, როდესაც ჩამოყალიბდა ისეთ სახელმწიფოდ, რომელმაც დემოკრატიული განვითარება შეაჩერა, რადგან მოსახლეობიდან არ არის მოთხოვნა დემოკრატიულ განვითარებაზე“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება და ამის მიზეზად საგარეო ვალის შემცირება დაასახელა. უფრო ადრე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. მთავრობის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა. მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეახსენა საქართველოს მთავრობას, რომ მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდებოდა და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია.

ამავე თემაზე: რას ითვალისწინებს ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე მემორანდუმი და რა წერია დოკუმენტში