მიხეილ სააკაშვილი: ერთი შემთხვევა მაინც ვინმეს ახსოვს, როდესაც ჩემს დროს გამოსულიყო ვინმეს პირადი ცხოვრების შემცველი მასალები?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ცნობებს ვიდეომიმართვით გამოეხმაურა.

„მოსმენებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოს ეკლესიას, ამ ყველაფერს ერთი პასუხისმგებელი, ერთი დამვალებელი და ერთი გამკეთებელი ჰყავს-ეს არის ივანიშვილი. ივანიშვილის ამოცანაა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის განადგურება, მან პრაქტიკულად გაანადგურა პარლამენტი ქუთაისში და გადმოიტანა იქიდან, მთლიანად მოსპო ადგილობრივი თვითმმართველობა, ის შეეცადა ქართული მედიის განადგურებას, ჯერჯერობით, არ გამოუვიდა.

მინდა შეგახსენოთ, თუ სკლეროზი არ გაწუხებთ, ერთი შემთხვევა მაინც ვინმეს ახსოვს, როდესაც ჩემს დროს გამოსულიყო ვინმეს პირადი ცხოვრების შემცველი მასალები, თუ ვიღაც ცალკე ნაძირალა რამეს აკეთებდა, მე ნამდვილად არ ვიცი. რამე რომ გამეგო, ნამდვილად ძალიან დავსჯიდი.

ვინმეს გაუგია მასობრივად ამის შეგროვება ხდებოდა? ეს იყო ჭორი და ახლა ეს არის რეალობა. ივანიშვილს სურს, მთელი ქვეყანა აქციოს ჭაობად და უბედურებად, რომ ქვეყანაში ყველა და ყველაფერი იყოს დისკრედიტირებული, რომ ქვეყნიდან ხალხი გარბოდეს და ყველაფერი ამას დარჩეს.

ერთადერთი გზა არის, ერიც და ბერიც დადგეს ერთად, გადადოს გვერდზე ყველა განსხვავება, ყველა პირადი პრობლემა, შუღლი და დაპირისპირება. ერთად შეცვალოს სიტუაცია და გადაარჩინოს საქართველო, ქართული ტრადიციული ფასეულობები, გადაარჩინოს ჩვენი ეკლესია, გადაარჩინოს ჩვენი ბავშვების მომავალი. წამზომი ჩართულია, ჩვენ ვართ გადარჩენის რეჟიმში და ამ გადარჩენაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, პროკურატურამ „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო“.