ირაკლი ღარიბაშვილი: დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, ხომ არ არის შესაძლებელი, ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი მედიაში გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებულ გამოძიებაზე საუბრობს და ვერსიებზეც მიუთითებს. კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ. მათ შორის იმ ვერსიას, თეორიულად, ხომ არ არის გამორიცხული, ან შესაძლებელი, ჩართული იყოს გიორგი გახარია ან ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.

„პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ. მათ შორის იმ ვერსიას, თეორიულად, ხომ არ არის გამორიცხული ან შესაძლებელი, ჩართული იყოს გახარია და ხოჯევანიშვილი, რომელიც სხვათა შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა. წვდომა ჰქონდათ ძალიან დიდ ინფორმაციასთან და წვდომა ჰქონდათ, მათ შორის, მოსმენების სამსახურთანაც. ამაზე სპეკულირება მე არ მსურს. არ მინდა წინასწარ დასკვნები გავაკეთო, რადგან ჩვენ, ყველა უნდა დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება დაადგენს ეს არის ფალსიფიკაცია, ფაბრიკაცია თუ კიდევ სხვა, უფრო მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას გამოეხმაურა ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ძმა, გიორგი გახარიას გუნდის წევრი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხოჯევანიშვილი. მისი თქმით, პირველ რიგში დასადგენია, რა მიზანს ემსახურება ამ დოკუმენტების გამოტანა და რამდენად ავთენტურია, ეს უნდა დაადგინოს ობიექტურმა გამოძიებამ.

„რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებებს, ასეთი ბრალდებები აქამდეც მოგვისმენია. ზოგადად, უღირს ადამიანებს ხშირად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა 2012 წლის მარტში დატოვა. ის ამ თანამდებობაზე 2019 წელს დაინიშნა.