აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ უსაფრთხოების სფეროში ისტორიული პაქტი წარადგინეს

დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ საგანგებო უსაფრთხოების ისტორიული პაქტი წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

უსაფრთხოების პარტნიორობის ახალ შეთანხმებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის პრემიერებმა გამოაქვეყნეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ეს გადაწყვეტილება მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის.

ახალი პარტნიორობა მიზნად ისახავს რეგიონში "უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას", - ნათქვამია აშშ -ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის და მისი ავსტრალიელი კოლეგის სკოტ მორისონის ერთობლივ განცხადებაში.

„ჩვენ ყველანი ვაღიარებთ გრძელვადიან პერსპექტივაში ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. თავის მხრივ, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა მორისონმა აღნიშნა, რომ წყალქვეშა ნავები ადელაიდაში, შეერთებულ შტატებთან და გაერთიანებულ სამეფოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში აშენდება.

BBC წერს, რომ პაქტი ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონზე იქნება ფოკისირებული, რაც ჩინეთთან დაპირისპირების მცდელობად განიხილება.

პაქტის მიხედვით, ავსტრალიას პირველად შეეძლება ააშენოს ბირთვული წყალქვეშა ნავები, აშშ-ის მიერ მიწოდებული ტექნოლოგიის გამოყენებით. პაქტი, რომელიც ცნობილია როგორც Aukus, ასევე მოიცავს ხელოვნურ ინტელექტის, კიბერ და კვანტური ტექნოლოგიების განვითარებას.

BBC-ის ცნობით, ბოლო წლებში დასავლურმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა გამოთქვეს შეშფოთება ინდო-წყნარ ოკეანეში ჩინეთის მზარდი სამხედრო განვითარების გამო.

„ეს არის ყველაზე დიდი თავდაცვითი პარტნიორობა ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში", - აცხადებენ ანალიტიკოსები.