კახა კალაძე ე.წ სისხლიან ბანერებზე: მე არ მომწონს, ამ ბანერებთან კავშირი არ მაქვს

თბილისის მოქმედი მერის და ხელისუფლების მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, ე.წ სისხლიან ბანერებთან მას კავშირი არ აქვს. მისივე თქმით მას ეს ბანერები არ მოსწონს.

„ჩემსკენ ვერ გამოიშვერენ ხელს, ჩვეულებრივად მათი ბინძური პიარის ნაწილია რასაც ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებენ ჩემს მიმართ, ჩემი ოჯახის მიმართ, ჩემი მეუღლის მიმართ და ამ ადამიანებისგან არაფერი არ მიკვირს და გულწრფელად გულიც არ მწყდება. არიან კონკრეტული ადამიანები, ვინც გამოაკრა ეს ბანერები და შეგიძლიათ მიმართოთ მათ. არანაირი კავშირი ამ ბანერებს ჩემთან არ აქვს. დედაქალაქის იერსახეს ვისთვის ამახინჯებს, ვისთვის არა - მე არ მომწონს", - განაცხადა კალაძემ.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყანაში ოპოზიციის საწინააღმდეგოდ გამოკრულ ე.წ. "სისხლიან ბანერებზე" მოკვლევა დაიწყო. ბანერების საქმის მოკვლევის მოთხოვნით ცესკო-ში საჩივარი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ შეიტანა.

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია საჩივარში აღნიშნავს, რომ აღნიშნული ბანერებით, საარჩევნო კოდექსი ირღვევა.

"სააგიტაციო მასალა შეიცავს ძალადობის პროპაგანდას კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მიმართ, ასევე მისი შინაარსიდან გამომდინარე ის საზოგადოებაში აღვიძებს შუღლს და დაპირისპირებას, იწვევს საზოგადოების პოლარიზებას, აგრეთვე, ცალსახაა, რომ აღნიშნული მასალის განთავსება მიზნად ისახავდა საარჩევნო სუბიექტების დისკრედიტაციას", - წერია საჩივარში, რომელიც ცესკო-ში 19 სექტემბერს შევიდა.