ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს ავღანეთში აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ დაშვებულ შეცდომებზე, ავღანეთში შეცვლილ პოლიტიკურ ლანდშაფტსა და მის გავლენაზე დანარჩენ რეგიონსა და საქართველოზე, აშშ-ის მხრიდან შავი ზღვის დიდი რეგიონისთვის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე, რაც საქართველოს „პრიორიტეტული მიზნების“ განხორციელებაში დაეხმარება. ამ კონტექსტში, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე ინტერვიუში ასევე მიმოიხილავს, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გახდეს.
_ბატონო გენერალო, ჩვენს ინტერვიუში თქვენთან ვრცლად მიმოვიხილეთ ავღანეთის საკითხი - უნდა დაეტოვებინა თუ არა ამერიკას ავღანეთი. ჩვენ ვნახეთ როგორც განვითარდა პროცესები, ელვის სისწრაფით და დრამატულადაც გარკვეულწილად... როგორ შეაფასებდით, პირველ რიგში, ავღანეთის დატოვებას მოკავშირეების მიერ და შემდეგ ასეთი ფორმით დატოვებას? ფორსმაჟორულ პირობებში, 20 წლის შემდეგ...
მე ვეთანხმებოდი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით. უფრო დიდხანს დარჩენა დრამატული ცვლილებების გარეშე საერთო სტრატეგიისთვის, არასოდეს შეცვლიდა საბოლოო შედეგს. თუმცა ადმინისტრაციას შეეძლო, უფრო მეტი გაეკეთებინა იმისთვის, რომ უკეთ მომზადებულიყო ლტოლვილთა დიდი რაოდენობისთვის, რომლებიც ეძებენ უსაფრთხო გარემოს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჩვენთან ერთად ან ჩვენთვის მუშაობდნენ. ასევე, ადმინისტრაციას უნდა გაევლო კონსულტაციები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, გაყვანის გრაფიკთან დაკავშირებით. და მაინც, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო მფრინავების, ჯარისკაცების, საზღვაო ქვეითებისა და იქ მყოფი დიპლომატების გამბედაობა, რომლებმაც ფაქტობრივად სისრულეში მოიყვანეს ეს პროცესი.
_„თალიბანის“ ხელში აღმოჩენილი ავღანეთი 20-წლიანი პერიპეტიების შემდეგ, რაზე მიანიშნებს, რა გაკვეთილია და გამოცდილება ამერიკელებისთვის?
ჩვენ დავუშვით რამდენიმე შეცდომა და პირადად მე ვიყავი ამ შეცდომების ნაწილი. პირველ რიგში, ჩვენ/მე ვფიქრობდით, რომ პაკისტანი იყო მოკავშირე. რასაკვირველია, ეს ასე არ იყო და ჩვენ ძალიან დიდხანს ვუკეთებდით იგნორირებას ამის გამაფრთხილებელ ნიშნებს. მეორე რიგში, ჩვენ დავუშვით უზარმაზარი შეცდომა, როდესაც გადავერთეთ ერაყზე ზუსტად იმ დროს, როდესაც ვგეგმავდით ავღანეთში პირველადი მისიის დასრულებას.
მესამე, აშშ-ის მთავრობას უნდა დაეწესებინა გადასახადი ყველა ამერიკელ მოქალაქეზე, რომ დაფარულიყო ავღანეთსა და ერაყში გაწეული ომის ხარჯები... ამერიკელთა უმრავლესობას ეს ომები არ შეხებია, გარდა მათი, ვისი ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ მისიებში ან ცხოვრობდნენ აშშ-ის სამხედრო ბაზების სიახლოვეს. შედეგად, საზოგადოების მხრიდან ზეწოლა რომელიმე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა თუ კონგრესზე იყო ძალიან მცირე იმისთვის, რომ ეს ომები ან მოგვარებულიყო, სწორად წარმართულიყო ან სულაც დასრულებულიყო.
მეოთხე, ჩვენ დავუშვით შეცდომა იმ მოდელში, რომელიც გამოვიყენეთ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების განვითარებისთვის; ანუ გავაკეთეთ ისე, რომ დაგვმსგავსებოდნენ ჩვენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათაც ჩვენსავით უნდა ჰქონოდათ დიდი რაოდენობით საცეცხლე ძალა, საჰაერო მხარდაჭერა, უსაზღვრო ლოგისტიკა და ათასობით კონტრაქტორი, რათა უზრუნველყოთ ამ რაოდენობის ტექნიკის მოვლა და შენახვა.
ეს მოდელი ჩამოიშალა, როცა ჩვენ დავიწყეთ გასვლა. მე ვერ შევძელი ამის გაცნობიერება, როდესაც იქ ვმსახურობდი, რადგან ვხედავდი კარგ, პროფესიონალ ავღანელ ოფიცრებს. ვერ გავაცნობიერე ასევე ის, რასაც სინამდვილეში ვხედავდი საკუთარი თვალებით - საუკეთესო ავღანური ერთეული ძალიან გავდა თალიბებს - პიკაპებით, ჩაფხუტების გარეშე, აშშ-ის არმიის მწვანე ბერეტიანი ვიცე-პოლკოვნიკის წინამძღოლობით.
და ბოლოს, ჩვენ დავკარგეთ ჩვენი საწყისი მიზნის ხედვა, რაც მდგომარეობდა ავღანეთში ალ-ქაიდასთვის უსაფრთხო თავშესაფრის მოწყობისთვის ხელის შეშლაში. გადაწყვეტილება, სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესი ავღანელებისთვის გადაგვეცა, მოგვიანებით მივიღეთ. ამიტომაც დავრჩით ავღანეთში 20 წელი, იმის მცდელობაში, გაგვეკეთებინა ის, რაც თავდაპირველად არ გვქონია დაგეგმილი და რაც არასოდეს განუმარტავს არც ერთი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამერიკელი ხალხისთვის.
_ვინ არის გამარჯვებული ან დამარცხებული ავღანეთის პროცესებში? რა საფრთხეებს შეიცავს „თალიბანის“ მმართველობა? ხომ არ იქნება ეს პროცესები ხელისშემწყობი ფაქტორი ცენტრალური აზიის ქვეყნებზე რუსული გავლენის ზრდის? ხომ არ კონსოლირდება კიდევ უფრო მეტად რუსულ-ჩინური გავლენები?
მოცემულ სიტუაციაში ყველაზე მეტად წამგებიან მდგომარეობაში ავღანელი ხალხი აღმოჩნდა, განსაკუთრებით, ქალები და გოგოები. პაკისტანი აუცილებლად ინანებს იმას, რომ მხარს უჭერდა „თალიბებს“, რადგან მათ ახლა ბევრად უფრო მეტი ლტოლვილი ჰყავთ ქვეყნის შიგნით და უფრო მეტად არასტაბილური სიტუაცია დასავლეთ საზღვარზე. ჩინეთი პასუხს აგებს ავღანეთში მინერალური რესურსების დაცვასა და წვდომაზე.
მათ საერთოდ არ ადარდებთ ავღანეთში ადამიანის უფლებები, თუმცა მათი შეშფოთების საგანი იქნება უიღურების მოსახლეობაზე ისლამისტი ექსტრემისტების გავლენის ზრდა.
კრემლი არ მალავს თავის უკმაყოფილებას ცენტრალურ აზიაში ისლამური ექსტრემიზმის ზრდის პოტენციალთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ირანსაც არ მოსწონს ეს არასტაბილურობა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ შიიტების და სუნიტების დაპირისპირებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი არ თანაუგრძნობენ აშშ-ს ან ჩვენს მოკავშირეებს.
_საქართველოს ერთ-ერთი მიმართულება ასევე არის, იქცეს სატრანზიტო კორიდორად და ჰაბად აზია ევროპას შორის. ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ტვირთის მოზიდვა საქართველოს გავლით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ავღანეთში შეცვლილი პოლიტიკური ლანდშაფტი, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებზე გაზრდილი რუსული გავლენები აისახება თუ არა დანარჩენ რეგიონზე და საქართველოზეც, თუნდაც კონკრეტულად ამ მიმართულებით?
ვფიქრობ, რომ რაღაც დონეზე იქონიებს გავლენას, თუმცა მე უფრო მაფიქრებს სერიოზული ძალისხმევის არარსებობა საქართველოს მთავრობის მხრიდან, საქართველო უფრო მეტად მიმზიდველი გახადოს დასავლური ინვესტიციებისთვის. არადა, იმდენი პოტენციალი გაქვთ, რაც სათანადოდ არ გამოყენებულა შიდა პოლიტიკური პრობლემების გამო.
_ბატონო გენერალო, გასაგებია ის ფაქტი, რომ ყველა ქვეყანაში ცვლილება ხალხს უნდა უნდოდეს და ილტვოდეს და იბრძოდეს უკეთესისკენ... მაგრამ ხშირად, ამა თუ იმ მიზეზების გამო, (თავსმოხვეული მახინჯი წესების, დეზინფორმაციის) რომელიც ამ ეპოქაში ფაქტიურად ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილიცაა, ვერ ახერხებს თვითგამოხატვას, პროტესტს, ბრძოლას.. პანდემიამ თითქოს უფრო დაჰყო მსოფლიო, როცა უფრო უნდა გაერთიანებულიყო.. რუსეთთან და მსგავსი ტიპის ქვეყნებთან გამკლავება ერთგვარად პანდემიასთან ბრძოლას ჰგავს... ან ერთიანდები და ამარცხებ იმას, რამაც შეიძლება ხვალ შენც გიმსხვერპლოს, ან იკეტები საკუთარ ნაჭუჭში და მხოლოდ საკუთარ გადარჩენაზე ფიქრობ, რაც დროებითია, რადგან ახალი ძალით და მუტაციით მოგაგნებს და არ მოგცემს სიმშვიდის საშუალებას...ხომ არ დადგა დრო ევროკავშირმა, NATO-მ იმ ქვეყნების ძალისხმევა, ვინც დასავლეთისკენ მიისწრაფვიან, უფრო ქმედითად წაახალისონ?
ვფიქრობ, რომ საქართველო უკვე უნდა იყოს NATO-ს წევრი, ხოლო უკრაინა უნდა იყოს ძალიან მკაფიო გზაზე NATO-ს წევრობისკენ. მაგრამ არის უფრო მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც ახლავე უნდა გაკეთდეს საქართველოს და უკრაინის მიერ ქვეყნის შიგნით, ხოლო აშშ-ის მხრიდან, ეს იქნება სტრატეგიის შემუშავება შავი ზღვის დიდი რეგიონისთვის. ვიდრე აშშ არ შეიმუშავებს ასეთ სტრატეგიას დიპლომატიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებისთვის აუცილებელი პოლიტიკით საქართველოსა და უკრაინაში, მე ვერ ვიქნები ოპტიმისტურად განწყობილი NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით, რომ ის მალე იქნება. საქართველომ უფრო მეტი უნდა მოიმოქმედოს, რათა გააუმჯობესოს წინააღმდეგობის უნარი კრემლის დეზინფორმაციისა და უარყოფითი გავლენის წინააღმდეგ. თუმცა, ვფიქრობ, რომ გასული წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არაფერი არსებითი გაკეთებულა.
_რჩება განცდა, რომ ევროპას ავღანეთის თემიდან ყველაზე მეტად ლტოლვილების საკითხი აღელვებს... სწორედ ამ სენსიტიური საკითხის გამოც, დასავლეთში ულტრარადიკალური ძალები პოპულისტური ლოზუნგებით მოდიან სათავეებში... რაც შემდეგ კიდევ უფრო სხვა პრობლემებს წარმოშობს.. პრობლემა ლტოლვილებში, უკანონო მიგრაციაში, ნარკოტრაფიკსა და ტერორიზმში, თუ უფრო კომპლექსურია, და ტირანიული სახელმწიფოს გაძლიერებაშია?
ეჭვი არავის ეპარება, რომ ევროპული ერები, ისევე როგორც აშშ, შეშფოთებულნი არიან ლტოლვილთა ნაკადით და მისგან გამომდინარე შედეგებით. და ზოგიერთი ნაციონალისტი და მემარჯვენე ექსტრემისტი შეეცდება, გამოიყენოს ეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. მაგრამ ავღანეთის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, გავხსნათ ჩვენი კარი და ვიპოვოთ გზები, რათა რაც შეიძელბა მეტი მათგანი დავაბინაოთ. ბევრი მათგანი, ვინც ავღანეთი დატოვა, არის განათლებული, პროფესიონალი და შრომისმოყვარე,ზუსტად ისეთი ქალები და კაცები, რომლებიც ჭირდებიან ჩვენს ქვეყნებს.
_ჩვენს გამოცემასთან ინტერვიუში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ რიკერმა განაცხადა, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა და განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ისევე როგორც ამერიკული პირდაპირი ინვესტიციები. მანამდე სენატორმა რობ პორტმანმა ჩვენთან განაცხადა, რომ მუშაობა მიდის ამერიკის საფინანსო ინსტიტუტის გახსნაზე და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ამერიკასთან. რაზეა დამოკიდებული ამ ყველაფრის განხორციელება და განხორციელების ტემპი?
ეს ძირითადად დამოკიდებულია ორ რამეზე: პირველი არის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება შავი ზღვის დიდი რეგიონისთვის, რომელიც მიმართული იქნება დიპლომატიური, ეკონომიკური, პრიორიტეტული მიზნების, ასევე სამხედრო მოსაზრებების გადაწყვეტაზე. ეს სტრატეგია აუცილებელია, თუ ჩვენ ვაპირებთ დროის და ფულის გონივრულად ინვესტირებას. მეორე არის ის, რომ საქართველომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რათა მიმზიდველი აღმოჩნდეს ინვესტიციებისთვის.
ეს არის ფინანსური და იურიდიული ოპერაციების გამჭვირვალობა, ბიზნეს ინვესტიციების და საბანკო საქმიანობის კუთხით საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება, იმის გარანტირება, რომ თანხები არ გაიფლანგება ან უკანონოდ არ იქნება გადამისამართებული რამდენიმე ოლიგარქის ანგარიშებზე, რომლებიც ნამდვილად არ არიან დაინტერესებული ქართველი ახალგაზრდების გაუმჯობესებული მომავლით.