აშშ-მა და ევროკავშირმა პანდემიის დასაძლევად მსოფლიოს ვაქცინაციისა და სიცოცხლეების გადარჩენის დღისწესრიგი წარადგინეს

აშშ-მა და ევროკავშირმა პანდემიის დასაძლევად მსოფლიოს ვაქცინაციისა და სიცოცხლეების გადარჩენის დღისწესრიგი წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

"ვაქცინაცია კორონავირუსის პანდემიაზე ყველაზე ეფექტური პასუხია. შეერთებული შტატები და ევროკავშირი ტექნოლოგიური ლიდერები არიან ვაქცინის მოწინავე პლატფორმებსა და კვლევებში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აგრესიულად მივყვეთ მსოფლიოს ვაქცინაციის დღისწესრიგს. აშშ-ისა და ევროკავშირის კოორდინირებული საქმიანობა ხელს შეუწყობს ვაქცინების მიწოდების გაფართოებას, უფრო კოორდინირებული და ეფექტური გზით მიწოდებასა და მიწოდების ჯაჭვებში გამოვლენილი შეზღუდვების მართვას. ეს ასევე აჩვენებს ტრანსატლანტიკური პარტნიორობის ძალას გლობალური ვაქცინაციის ხელშესაწყობად", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

როგორც განცხადებაში წერია, აშშ და ევროკავშირი თანამშრომლობას გააფართოვებენ მსოფლიოს ვაქცინაციის, სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის უკეთესი უსაფრთხოების შექმნის მიზნით.

აღნიშნულ საკითხზე აშშ-ისა და ევროკავშირის დღისწესრიგი 5 კომპონენტისგან შედგება:

1. ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი ვალდებულება ვაქცინის განაწილებასთან დაკავშირებით: აშშ და ევროკავშირი გლობალურ დონეზე გაანაწილებენ დოზებს ვაქცინაციის მაჩვენებლების გასაძლიერებლად, ხოლო პრიორიტეტი COVAX-ის მექანიზმსა და დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვაქცინაციის მაჩვენებლების გაუმჯობესებას მიენიჭება.

2. ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი ვალდებულება ვაქცინის განაწილების მზადყოფნასთან დაკავშირებით: შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად აშშ და ევროკავშირი მხარს დაუჭერენ და კოორდინაციას გაუწევენ ვაქცინის მიწოდებას, ლოგისტიკასა და იმუნიზაციის პროგრამებს.

3. ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი პარტნიორობა ვაქცინების გლობალური მიწოდებისა და თერაპიის გასაძლიერებლად: ევროკავშირი და აშშ ახლადშექმნილ ერთობლივი წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის სამუშაო ჯგუფს გამოიყენებენ ვაქცინისა და თერაპიული საშუალებების წარმოებისა და გავრცელების მხარდასაჭერად და მიწოდების ჯაჭვის პროცესში გამოწვევების დასაძლევად.

4. ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი ინიციატივა ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების მისაღწევად: აშშ და ევროკავშირი მხარს დაუჭერენ ფინანსური შუამავლობის ფონდის (FIF) შექმნას 2021 წლის ბოლოსთვის. ევროკავშირი და აშშ ასევე მხარს დაუჭერენ გლობალური პანდემიის ზედამხედველობას, მათ შორის გლობალური პანდემიის რადარის კონცეფციის მეშვეობით.

5. ევროკავშირის, აშშ-ისა და პარტნიორების ერთობლივი საგზაო რუკა ვაქცინების რეგიონული წარმოებისთვის: ევროკავშირი და აშშ კოორდინაციას გაუწევენ ინვესტიციებს რეგიონული წარმოების შესაძლებლობების გაძლიერებაში დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებთან.