ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორი: ჩვენთვის პრივილეგიაა ჰარვარდში საქართველოს შესახებ სასწავლო პროგრამის დანერგვა

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ქართველოლოგიის დარგში ახალი პროგრამა დაინერგა, რომელიც ერთადერთი პროგრამაა ამ მიმართულებით აშშ-ში-ამის შესახებ ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა მარკ ელიოტმა ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ღონისძიების შემდეგ განაცხადა.

მარკ ელიოტმა აღნიშნა, რომ ქართული ცივილიზაცია მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია და ამერიკელი მკვლევარებისთვის ჰარვარდში საქართველოს შესახებ სასწავლო პროგრამის დანერგვა პრივილეგიაა.

„როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ახალი პროგრამა დაინერგა ქართველოლოგიის დარგში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ერთადერთი პროგრამაა ამ მიმართულებით.

ჰარვარდი ამაყობს და სიხარულით უღებს კარს ამ მნიშვნელოვან პროგრამას. ქართული ცივილიზაცია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ის გონებათა და ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე იმყოფება. ჩვენთვის პრივილეგიაა ჰარვარდში საქართველოს შესახებ სასწავლო პროგრამის დანერგვა, რაც ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს ჰარვადის უნივერსიტეტში ჩამოსვლის შესაძლებლობას მისცემს. თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ჰარვარდის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებსაც შეეძლებათ საქართველოს შესახებ ინფორმაციას გაეცნონ, იმოგზაურონ და საკუთარი თვალით ნახონ ეს ქვეყანა.

მე პირადად მოუთმენლად ველი საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას. საქართველოდან სტუდენტები მყოლია, მაგრამ აქამდე არ გამმართლებია და თქვენს ქვეყანაში დღემდე არ ვყოფილვარ.

ეს ისტორიული დღეა. თავად ჰარვარდისთვის არის დიდი დღე და მიხარია, რომ ჰარვარდი ერთვება ამ შესანიშნავ საქმეში”,- განაცხადა ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა მარკ ელიოტმა.

"ჩვენ მოვაწყობთ ძალიან ბევრს სემინარს, კონფერენციას, დავპატიჟებთ ქართველ მეცნიერებს, აქ, ჰარვარდის კამპუსში, - ამის შესახებ ქართველოლოგიური სწავლებების პროგრამის დირექტორმა, ისტორიის პროფესორმა სტეფან ჯონსმა, განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არის პირველი ქართული სწავლების პროგრამა ამერიკაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„გავაგზავნით ჩვენს სტუდენტებს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ შევქმნათ კადრები ამერიკელი მეცნიერების, რომლებიც სწავლობენ ქართულ ისტორიას, პოლიტიკას, კულტურას და ა.შ.

ამიტომ, ეს იქნება საერთო პროგრამა, არა მხოლოდ ამერიკის მხრიდან, ასევე საქართველოს მხრიდანაც. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ასეთი ინიციატივა და მოგვცა საშუალება, რომ შევქმნათ ეს პროგრამა. ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვფიქრობთ, ვოცნებობთ, ვმუშაობთ, მაგრამ სანამ არ მივიღებდით ასეთ მხარდაჭერას, არაფერი არ გამოვიდოდა. ამისთვის ძალიან მადლობელი ვართ“, - განაცხადა სტეფან ჯონსმა.

ცნობისთვის, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება