დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის წამახალისებელი ღონისძიებები დაინერგება. მისი თქმით ამ საკითხზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა.
„ვმუშაობთ, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს მეტი წახალისება მივცეთ. განიხილება რამდენიმე მნიშვნელოვანი წამახალისებელი ღონისძიება, რომელიც ქვეყანაში უნდა დაინერგოს“ , - განაცხადა გამყრელიძემ იმუნიზაციის პროცესზე საუბრის დროს.
როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, ქვეყანაში 1200 სოფლის ექიმია, მათი როლი კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიმდინარეობაში განსაკუთრებით დიდია.
„უფრო მეტად გააქტიურდება პირველადი ჯანდაცვა. სოფლებსა და რაიონებში, სოფლის ექიმები, კიდევ უფრო ახლოს მივლენ ადამიანებთან. გამსვლელი ბრიგადებიც მოიმატებს, უფრო გააქტიურდება ეს ყველაფერი.
ვმუშაობთ, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს მეტი წახალისება მივცეთ. ვინც უბანზეა და ბენეფიციარებთან არის მიმაგრებული, გააქტიურონ მუშაობა. სოფლის ექიმის როლი განსაკუთრებით დიდია. მოგეხსენებათ, ძალიან სჯერა მოსახლეობას სოფლის ექიმის, ამიტომ სოფლის ექიმებთან მიმდინარეობს მუშაობა. თითოეულ რაიონში სოფლის ექიმმა უნდა იცოდეს, რამდენი ჰყავს უბანზე აცრილი და აცრის რა გეგმა აქვს, თუნდაც 2 თვის განმავლობაში. ვინც ეწინააღმდეგება ეცადოს, რომ დაარწმუნოს. მოგეხსენებათ, აცრა ნებაყოფლობითია და არა ძალდატანებითი. ჩვენც მეტად ვმუშაობთ, სხვადასხვა დიდ ჯგუფთან მქონდა ჩართვა. ვხვდები ერთ-ერთი დიდი ბანკის წარმომადგენლებს, ასევე გვექნება შეხვედრები სოფლის ექიმებთან.
ქვეყანაში 1200 სოფლის ექიმია. თითოეულმა რომ სულ მცირე თავისი უბნის 70-80% აცრას ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. განიხილება რამდენიმე მნიშვნელოვანი წამახალისებელი ღონისძიება, რომელიც უნდა დაინერგოს ქვეყანაში“, - აღნიშნავს გამყრელიძე.
როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო 150 ათასი ვაქცინა შემოვა და რისკჯგუფი გაფართოვდება. მისი თქმით,მიმდინარეობს მსჯელობა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა მომავალი კვირიდან დაიწყოს.
„სახელმწიფომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზა იყიდა. თუ არ ვცდები, 43 ათასი დოზა უკვე შემოვიდა ორი დღის წინ, 4 ვალენტიანი, რა თქმა უნდა, საკმაოდ კარგი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული.
მოგეხსენებათ, გრიპზე პირველ რიგში, იცრებიან რისკჯგუფები. პირველი რისკჯგუფი ყოველთვის არის სამედიცინო პერსონალი, შემდეგ მსჯელობა იყო საბჭოზე და იქნებიან დიალიზზე მყოფები, ასევე ორსული ქალბატონები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოზების დაწესებულებებში განაწილება. ვფიქრობთ, მომავალი კვირიდან, დაახლოებით 1 კვირის ვადაში დავიწყებთ ამ პირველი პარტიიდან აცრებს.
ოქტომბრის განმავლობაში, კერძოდ, მეორე ნახევრიდან 150 ათასზე მეტი დოზა შემოვა ქვეყანაში და რისკჯგუფები კიდევ გაფართოვდება იმის მიხედვით, როგორც გვაქვს, კერძოდ, ქრონიკული ავადმყოფები, ბავშვები და ასე შემდეგ. ვნახოთ, როგორი იქნება ათვისება. შარშან არ იყო ძალიან აქტიური.
მოგეხსენებათ, სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორიც აქტიურობს. ზოგადად, გრიპის საწინააღმდეგო აცრების კულტურა ქვეყანაში იზრდება, ეს კარგია, რაც მეტი აიცრება, მით უკეთესი. უნდა შევეცადოთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 ათასი დოზა ოქტომბერ-ნოემბერში იყოს ათვისებული“,- განმარტავს გამყრელიძე.