დაძაბულობის შემცირების მიზნით, NATO-მ კოსოვო-სერბეთის საზღვარზე პატრულირება გააძლიერა.
კოსოვოელი სერბები ერთი კვირაა, აქციის ფარგლებში ბლოკავენ საზღვარს სატვირთო მანქანებით მას შემდეგ, რაც კოსოვომ გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ.
კოსოვოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კოსოვოსა და სერბეთის წარმომადგენლები ამ კვირაში ბრიუსელში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს აშშ -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე გაბრიელ ესკობარი.
გასულ შაბათ -კვირას კოსოვოს მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი შენობა დაიწვა, მეორეს კი ხელყუმბარები ესროლეს, რასაც ისინი აღწერენ, როგორც დანაშაულებრივ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია ეთნიკური სერბების პროტესტთან.
ორშაბათს, კოსოვოს პრემიერ მინისტრმა ალბინ კურტიმ შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზად შეთავაზება წარადგინა, რომლის თანახმად, დროებითი სანომრე ნიშნის წესი ორივე ქვეყანამ გააუქმოს.
ევროკავშირი, NATO და აშშ მოუწოდებენ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან.