მთიან ყარაბაღზე 10 ნოემბრის შეთანხმება ეყრდნობა პრინციპებს, რომლებიც მინსკის ჯგუფმა 2007 წელს მოამზადა. ამის შესახებ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.
მეთიუ ბრაიზამ ინტერვიუს დროს, თეთრ სახლში მუშაობის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის შეხვედრაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან, რობერტ ქოჩარიანთან და ჰეიდარ ალიევთან.
„2007 წელს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ფარგლებში, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა (ეუთოს წევრი ქვეყნების ჯგუფი, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზებს იძიებს), წინადადების სახით, სომხეთს და აზერბაიჯანს ძირითადი პრინციპები წარუდგინეს.
ასეთი წინადადებები ეუთოს საგარეო მინისტრების შეხვედრაზე, მადრიდში იყო წარმოდგენილი, რომელსაც „მადრიდის პრინციპების“ სახელწოდებით ვიცნობთ. აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები ამ პრინციპებს, არაოფიციალურად დაეთანხმნენ, მაგრამ რამდენიმე ძირითადი დეტალი ისევ შეთანხმებას საჭიროებდა. საბოლოოდ, ეს დეტალები არასდროს შეთანხმებულა.
აშშ, რუსეთი და საფრანგეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოლაპარაკებების პროცესში დაეხმარნენ, რაზეც წინასწარი შეთახმება ამ ქვეყნების ლიდერების მხრიდანაც არსებობდა, მაგრამ როგორც აღვნიშნე, მათ ვერ შეძლეს პროცესის ბოლომდე მიყვანა და ძირითადი პრინციპების დეტალებზე შეჯერება.
ამ შეთანხმების ვერსია ითვალისწინებდა აზერბაიჯანის კონტროლის დაბრუნებას მთიანი ყარაბაღის მიმდებარე შვიდივე აზერბაიჯანის ოლქზე, რომელიც იმჟამად სომხეთს ჰქონდა დაკავებული; სანაცვლოდ, სომხეთი მიიღებდა „დროებით იურიდიულ სტატუსს“ და საბოლოოდ, საბოლოო იურიდიულ სტატუსს, რომელიც განისაზღვრებოდა მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების ხმით. ეს ვერ და არ მოხდებოდა წარსულში აშშ-ის მონაწილეობის გარეშე. „ ...მაგრამ სამწუხაროა, რომ აშშ ამჟამად არ თამაშობს აქტიურ როლს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში“, - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.
თუმცა, რაც შეეხება უკვე 10 ნოემბრის ხელშეკრულებას, რომელზეც ალიევი და ფაშინიანი მორიგდნენ, მეთიუ ბრაიზას თქმით, არსებითად „მადრიდის პრინციპებია“, რომელსაც გარკვეული დეტალები აზერბაიჯანის სასარგებლოდ დაემატა.
„მანამდე და ომის დროს, სომხეთი „მადრიდის პრინციპებს“ არ დათანხმდა. საბოლოოდ, აზერბაიჯანმა მოიგო ომი და ამგვარად, თავის სასარგებლოდ მოიპოვა ბერკეტები ასეთი პრინციპების მოდიფიცირებისთვის“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს.