ერთი წლის წინ, საქართველოს მთავრობამ ნიუ-იორკში, გაეროს არტ-კოლექციას სამუზეუმო ექსპონატად, ვეფხისტყაოსანის უნიკალური გამოცემა გადასცა. ტრადიციის თანახმად, ორგანიზაციას ყველა ქვეყანა, თავისი ისტორიის და კულტურის წარმოსაჩენ საჩუქარს გადასცემს. აღსანიშნავია, რომ გაეროს მუზეუმს, ყოველწლიურად, მილიონობით დამთვალიერებელი ჰყავს.
როგორც Europetime-მა გაარკვია, ვეფხისტყაოსნის ამ უნიკალური ვერსიის გამოცემის და გაეროს მუზეუმში განთავსების იდეის ავტორი, ქართველი ბიზნესმენი და მეცენატი დიმიტრი აბდუშელიშვილია, რომელიც ფრანგული პრესის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.
Europetime დაინტერესდა, როგორ დაითანხმა ქართველმა მეცენატმა მსოფლიოს უდიდეს ხელოვანად აღიარებული გუჯი ამაშუკელი, ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის ყდის მოჭედვაზე ემუშავა, როცა მანამდე, არაერთი მცდელობის მიუხედავად, გუჯი მუდმივად უარს ამბობდა ქართულ მხარესთან თანამშრომლობაზე. Europetime პროექტის ორგანიზატორს მაია ძირკველიშვილს ესაუბრა.
როგორც გაეროსთვის შექმნილი უნიკალური ვეფხისტყაოსნის პროექტის ორგანიზატორი მაია ძირკველიშვილი აღნიშნავს, გუჯის ნამუშევრები დაცულია ვატიკანში, ლუვრში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმში, პარიზის და ლიონის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმებში, ნანტის თომას დობრეს მუზეუმში, მანდეტის მუზეუმში და ა.შ. მისი შემოქმედების ნიმუშები ასევე დაცულია ფრანსუა მიტერანის, ჟაკ შირაკისა და ნიკოლა სარკოზის საპრეზიდენტო კოლექციებში.
გუჯი ამაშუკელის ნამუშევრები საფრანგეთმა ეროვნულ საგანძურად აღიარა, მისი შექმნილია რომის პაპის სარიტუალო ნივთები. 1970-იან წლებში კი, საფრანგეთის პრეზიდენტი პომპიდუ მისი ემიგრაციის თხოვნით, ბრეჟნევთან პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
მაია ძირკველიშვილის ცნობით, ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის შექმნის იდეა ხელოვნების განვითარების ფონდს (ITM) ეკუთვნის. თუმცა ამ შემთხვევაში გაეროს თემა თავდაპირველი ჩანაფიქრი არ ყოფილა. ფონდს სურდა, ახალი ხელნაწერი გაკეთებულიყო, რომელსაც ჭედური ყდა ექნებოდა.
„გაეროსთვის ხელნაწერის გადაცემის იდეა ეკუთვნის ბიზნესმენ დიმიტრი აბდუშელიშვილს. სწორედ მისი იდეა იყო, რომ ასეთი ექსკლუზიური და უნიკალური ნივთი საქართველოს სახელმწიფოს გაეროსთვის გადაეცა საჩუქრად. საჩუქრის გადაცემა გაეროს წევრი სახელმწიფოებისგან მიღებული პრაქტიკაა. ზოგადად, გაეროში ეს ტრადიცია რამდენიმე ათეული წელია, არსებობს.
ყველა წევრი ქვეყანა თავისი სახელით გადასცემს ხელოვნების ნიმუშს, რომელიც არის იმ ქვეყნის კულტურის, იმ ქვეყნის ისტორიის გამომხატველი ნივთი და ერთგვარად, ამ ქვეყნის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს ხოლმე. გაეროს ათეულობით სახელმწიფოების მიერ გადაცემული უნიკალური ნივთების, ექსპონატების ძალიან დიდი კოლექცია აქვს. ნიუ-იორკში, გაეროს სათაო ოფისში, მისი დათვალიერება შეუძლია არამხოლოდ გაეროს სტუმრებს და დელეგაციებს, არამედ, ტურისტებსაც.“
საქართველო დიდი ხანია, საჩუქრის შერჩევის პროცესში იყო. რატომღაც, წლების განმავლობაში ვერ გადაწყვიტეს, რა უნდა ყოფილიყო ის ექსპონატი, რომელიც ქვეყნის სახელით, გაეროს გადაეცემოდა. ბიზნესმენ დიმიტრი აბდუშელიშვილის იდეა სწორედ ეს იყო. მან გამოიჩინა ინიციატივა საქათველოს, გაეროს Art-კოლექციისთვის ხელნაწერი, ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემა გადაეცა, ძვირფასი თველებით მოჭედილი ყდით. დიმიტრი აბდუშელიშვილმა 2017 წელს, ქვეყნის პირველ პირებს გააცნო საკუთარი ინიციატივა. მათაც მოეწონათ იდეა. პროექტი მთლიანად მისი პირადი თანხებით დაფინანსდა და მისივე ორგანიზებით განხორციელდა.
2017 ჩვენ დავიწყეთ მუშაობა. ამ შემთხვევაში, მე ვარ პროექტის ხელმძღვანელი. მუშაობის პროცესს მე ვხელმძღვანელობდი.
გუჯი ამაშუკელის გარდა, რომელმაც უნიკალური ჭედური ყდა დაამზადა, ბევრი ადამიანი იყო ჩართული პროექტში. ორმა მხატვარმა და ხუთმა საუკეთესო კალიგრაფისტმა იმუშავა. ხელით არის გადაწერილი. ახალგაზრდა კალიგრაფისტები შევარჩიეთ, მათ შორის ყველზე პატარა ასაკის იყო, 14 წლის, სკოლის მოსწავლე. ესენი არიან: დავით მაისურაძე, გიორგი სისაური, ნინო იკაშვილი, ანა გოქაძე და ლევან ცხვირავაშვილი. ტექსტი ხუთ ნაწილად გაიყო. ყველამ თავისი ნაწილი შეასრულა, გადაწერა და მერე აიკინძა.“
შიდა ილუსტრაციაზე მხატვრებმა სოფიო კინწურაშვილმა და თამაზ ვარვარიძემ იმუშავეს. მათ ეკუთვნით ხელნაწერებში არსებული ორიგინალური მხატვრობა, მინიატურები. საბოლოო ჯამში, 400-მდე მხატვრობის ნიმუშია შესული. როცა 360 გვერდიანი ხელნაწერი გადაიწერა, მოიხატა და აიკინძა, შიდა ტყავის ყდაში ჩასმული საფრანგეთში წავიღეთ და გუჯი ამაშუკელს გადავეცით. რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა ჭედური ყდის დამზადებაზე.
ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა, გუჯი ამაშუკელის ავტორობით, შექმნილია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა: სერპანტინი, პირინეის ქვა, ნაცრისფერი და წითელი იასპი, ამეთვისტო, მთის ბროლი, დართვილული ვარდისფერი კვარცი, აქატი, სოდალიტი, ქალცედონი, ლაზურიტი, შევარდნის თვალი, ამაზონიტი, ავანტურინი, ტანზანიტის იასპი... ნამუშევარში ასევე გამოყენებულია მეტეორიტის ქვები. ყველა ეს ხარჯი დიმიტრი აბდუშელიშვილმა გაიღო.
Europetime-მა ექსკლუზიურად ამ თემაზე ბიზნესმენ დიმიტრი აბდუშელიშვილის კომენტარიც მოიპოვა. როგორც მეცენატი აცხადებს, მას ვეფხისტყაოსნის ასეთი მაშტაბური გამოცემის იდეა მუდამ ჰქონდა.
„მამა დიპლომატი და დამოუკიდებელი საქართველოს ელჩი იყო, სხვათაშორის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერებს შორის ერთ-ერთია. საბჭოთა მემკვიდრეობის მერე, ბევრი სამუშაო იყო გასაწევი,რომ ჩვენი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და დიდი კულტურის მქონე ერი უცხოელებს გაეცნოთ. ამის განხორციელების ერთ-ერთი საუკეთესო გზა, ჩემი აზრით, კულტურაზე გადის. შენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია, ვინ ხარ და რა შეგიქმნია შენი ისტორიის განმავლობაში.
ვეფხისტყაოსანი კი, სწორედ ის ნაწარმოებია ნებისმიერი ქვეყანა რომ იამაყებდა. საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს უცხოელებთან ურთიერთობა და ყოველთვის მინდოდა, ამ საოცარი ნაწარმოების ორიგინალური და ორენოვანი სასაჩუქრე ვერსია გამეკეთებინა.
თავდაპირველად, სასაჩუქრე ვერსია საკმაოდ მოცულობითი ტირაჟით, ინგლისურ-ქართული ვარიანტები გამოვეცით, ხოლო შემდეგ დამებადა იდეა, შექმნილიყო უნიკალური, ერთადერთი ვერსია ვეფხისტყაოსნის, რომელიც გაეროს მუზეუმში დაიდებდა ბინას და ამ გამოცემის საშუალებით, გაეროს სათაო ოფისის ყველა ვიზიტორი გაეცნობოდა საქართველოს და ქართველი ხალხის კულტურას.
ეს იდეა გავუზიარე გუჯი ამაშუკელს, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ხელოვანია, სწორედ მისი ჭედურობითაა ეს უნიკალური გამოცემა შექმნილი. მოხარული ვარ, რომ სწორედ იქაა ეს გამოცემა, სადაც გამოფენილი ექსპონანტები მსოფლიო ერების კულტურაზე და ისტორიაზე მოუთხრობს ვიზიტორს და დამთვალიერებელს,“ - აღნიშნა Europetime-თან საუბრისას დიმიტრი აბდუშელიშვილმა.
გამოცემა 2018 წლის შემოდგომაზე უკვე მზად იყო. ერთი კვირა ეროვნულ მუზეუმშიც გამოიფინა. 2018 წლის ოქტომბერში კი, ფრანკფურტში წიგნების საერთაშორისო ფესტივალზეც წარვადგინეთ, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყანა გახლდათ.
ფრანკფურტის წიგნების ფესტივალის შემდეგ, ხელნაწერი სახელმწიფოს გადაეცა.
გუჯი ამაშუკელის საბჭოთა ემიგრაციის უცნობი დეტალები და საფრანგეთის პრეზიდენტის ჩართულობა
სამწუხაროდ, გუჯი ამაშუკელი, ამ დრომდე საქართველოში იმდენად კარგად არ იყო ცნობილი, როგორც ევროპასა და ამერიკაში. ქართულმა საზოგადოებამ ის, ვეფხისტყაოსნის აღნიშნული გამოცემის პროექტის შემდეგ გაიცნო. მთელ მსოფლიოში კი, თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ხელოვანად ითვლება, თავის დარგში.
ლუვრის მუზეუმის კოლექციის მთავარი პასუხისმგებელი პირის დანიელ აკლუფის შეფასებით, „გუჯი 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ოქრომჭედელია.“
1968 წელს, ცნობილი ფრანგი რეჟისორის ანდრე ბარსაკის ქალიშვილზე, კეტრინზე ქორწინების შემდეგ, გუჯი ამაშუკელის საფრანგეთში გადასვლითა და იქ მოღვაწეობით, ფრანგული მხარეც აქტიურად იყო დაინტერესებული.
სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტმა პომპიდუმ უშუამდგომლა ხელოვანს მაშინდელ საბჭოთა კავშირის ლიდერ ბრეჟნევთან, რათა მას შესძლებოდა საბჭოთა კავშირის დატოვება და შემოქმედებითი კარიერის საფრანგეთში გაგრძელება.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ, საფრანგეთმა გუჯი ამაშუკელის ნამუშევრები ეროვნულ საგანძურად აღიარა.
1974 წელს საბჭოთა კავშირში, საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი შედგა. პომპედუს და ლეონიდ ბრეჟნევის შეხვედრიდან ორ კვირაში დარეკეს „ოვირიდან” და კატრინ ბარსაკს უთხრეს, რომ გუჯი ამაშუკელს ორი კვირა ჰქონდა ქვეყნის დასატოვებლად – სამუდამოდ.
„გუჯი ამაშუკელზე ამ ყველაფერმა გარკვეული გავლენა მოახდინა, ამიტომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი, ის თავს იკავებდა საქართველოში ჩამოსვლისგან,“ - აღნიშნავს მაია ძირკველიშვილი Europetime-თან საუბარში.
„47 წელია, ემიგრანტია. ამ ხნის განმავლობაში ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა საქართველოსთან. რამდეჯერმე იყო მცდელობა საქართველოში ჩამოეყვანათ, მაგრამ თავს იკავებდა. დიდ ინტერეს არ იჩენდა. სწორედ ჩვენი პროექტი იყო პირველი შემთხვევა, როცა დათანხმდა, ქართულ მხარესთან ეთანამშრომლა და საქართველოსთვის შეექმნა რაიმე ნივთი. ვეფხისტყაოსნის ყდა არის ერთადერთი ნივთი, რომელიც საქართველოსთვის დაამზადა. ჰონორარზეც უარი თქვა და საჩუქრის სახით გადასცა ქვეყანას.
მისი ნამუშევრები დაცულია, ვატიკანში, ლუვრში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, ნოტრდამის კათედრალში. მას ეკუთვნის რომის პაპის სარიტუალო ნივთები, გუჯი ამაშუკელი დღემდე აქტიურად მუშაობს ვატიკანის სამუზეუმო კოლექციებზე.
თავის დარგში, მსოფლიოს უდიდეს ხელოვანად ითვლება. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ქანდაკებები, სიმბოლური ხასიათის ნაკეთობები, მედალიონები, სამკაულები თუ მითოლოგიურ–რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, გალერეებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა,“ - ამბობს მაია ძირკველიშვილი.
გუჯი ამაშუკელი 1941 წელს ბორჯომში დაიბადა და ბავშვობა ბათუმში გაატარა. ამაშუკელი იხსენებს, როგორ მოიხიბლა ბათუმში ბერძნების სამჭედლოთი და ბერძენი მჭედლების ოსტატობით.
თბილისის სამხატვრო აკადემიის მესამე კურსზე იყო, ქანდაკების ფაკულტეტზე, როცა მოსკოვში გადავიდა. 22 წლის ასაკში სამრეწველო დარგის დიზაინერად მუშაობდა. 23 წლისა საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა. 1974 წლეს კი, საფრანგეთში გადასვლის შემდეგ, პირველი სახელოსნო მონმარტზე გახსნა. პირველი საგამოფენო ნივთები ემიგრაციაში, დედის მიერ გადაცემული ვერცხლის ოთხი კოვზისგან შექმნა.
კგბ-ს ჩუმად ხელის თხოვნა და აკრძალული ქორწინება ფრანგ კატერინთან, რკინის ფარდის მიღმა.
მომავალი მეუღლე 1967 წელს გაიცნო. მაშინ კატრინ ბარსაკი საფრანგეთის საელჩოში მუშაობდა და ე.წ. გეტოში ცხოვრობდა. დასახლება ჩეკას მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო.
„შენობებიც ისმინებოდა. როდესაც კატრინს დაქორწინება შევთავაზე, დავუწერე, რომ არავის მოესმინა. თავიდან პისტოლეტი დამიხატა, ხომ არ გაგიჟდიო. შემდეგ, ეს ქაღალდი დავწვით.“ - იხსნებეს ცნობილი ქართველი ხელოვანი.
ქორწინებისთვის თანხმობის მისაღებად ბევრი იბრძოლეს. რთული გზის გავლის შემდეგ, საბოლოოდ, ნებართვა მიიღეს, მაგრამ საბჭოთა კავშირის დატოვებაზე უარი უთხრეს.
პროცესი 5 წლის განმავლობაში გაჭიანურდა. მისი სიმამრი, ანდრე ბარსაკი, გავლენიანი ადამიანი იყო რეჟისორი და პარიზის ერთ-ერთი თეატრის დირექტორი. ის პირადად იცნობდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ჟორჟ პომპიდუს და წერილი მისწერა შუამდგომლობის თხოვნით. საფრანგეთის პრეზიდენტის პირადმა შუამდგომლობამ წყვილს საშუალება მისცა, რკინის ფარდის მიღმა გადასულიყვნენ.
როგორც ევროპულ პრესასთან ინტერვიუებში გუჯი ამაშუკელი იხსნებს, როდესაც მას საფრანგეთის სალეჩოს თანამშრომელი კატრინ ბარსაკი შეუყვარდა, მათ სიყვარულს ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა. დიდი ბრძოლით მოპოვებული ქორწინების ნებართვის შემმდეგ, კატრინმა ვიზის მისაღებად დახმარება, საფრანგეთის კულტურის ატაშეს სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.
„ცოტა ხნის წინ, ამ კაცმა გვნახა და ბოდიში მოგვიხადა, ამდენი წლის წინანდელი საქციელის გამო. მეუბნებოდნენ, არ გასულელდესო, ვიღაც გაიძვერა პიროვნებაა და ამ ქორწინებით სარგებლობს, რომ საბჭოთა კავშირიდან წავიდესო. ამიტომ, არ უნდოდა ამ კაცს, ჩვენი ქორწინება შემდგარიყო და როცა გაიგო, რომ ამდენი წელია, ერთად ვართ და კარგი ოჯახი გვაქვს, შერცხვა,” - იხსენებს ამაშუკელი.
გუჯის მაშინ ბევრი რამ დააბრალეს, წერდა კიდეც —„თქვენ არ იცით ეს პერიოდი რას ნიშნავს.