აშშ-ში მყოფმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა „მწვანე ბარათის“ მისაღებად, განაცხადი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უნდა შეავსონ.
აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა ახალი წესის შესახებ გამოაცხადა: უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც უკვე აშშ-ში იმყოფებიან და „მწვანე ბარათის“ მიღება სურთ, განაცხადის შეტანა საკუთარი ქვეყნიდან მოუწევთ და არა აშშ-დან.
აქამდე მოქალაქეებს შეეძლოთ აშშ-ში ყოფნისას შეეცვალათ სტატუსი და იქვე მიეღოთ მუდმივი ბინადრობა („Adjustment of Status“). ახალი პოლიტიკა ამ პრაქტიკას ზღუდავს და მოქალაქეს საკონსულო პროცედურის გასავლელად, უკვე სამშობლოში დაბრუნებას ავალდებულებს.
ახალი წესი განსაკუთრებით ეხება დროებითი ვიზით მყოფ ადამიანებს — სტუდენტებს, სამუშაო ვიზის მფლობელებს (მაგალითად H-1B), ტურისტებს და სხვებს.
უფლებადამცველი ორგანიზაციები ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ახალი პოლიტიკა შეიძლება, ოჯახების დაშორებისა და ზოგი ადამიანისთვის საფრთხის შემცველიც კი გახდეს.
ახალ წესში წერია, რომ „განსაკუთრებულ შემთხვევებში“ გამონაკლისები შეიძლება, დაუშვან, მაგრამ ეს პუნქტი ჯერ ზუსტად არ არის განმარტებული.
ასევე ბოლომდე გარკვეული არ არის:
- იმოქმედებს თუ არა ახალი წესი უკვე შეტანილ განაცხადებზე,
- რამდენ ხანს მოუწევთ ადამიანებს ქვეყნის გარეთ ყოფნა,
- ყველა კატეგორიას ერთნაირად ეხება თუ არა ახალი პოლიტიკა.