ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატოს მინისტერიალის შედეგებს აჯამებს და ამბობს, რომ მას იმედი აქვს, ნატოში საქართველოს გაწევრიანება დაჩქარდება, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, აშშ საქართველოში როტაციულ ძალებს და ინფრასქტრუქტურას გაზრდის. ასევე აღნიშნავს, რომ ვერ წარმოუდგენია ძლიერი ნატო თურქული მონაწილეობის, ლიდერობისა და კონტრიბუციის გარეშე.
_ბატონო გენერალო, უკვე დასრულდა ნატოს მინისტერიალი და როგორც ცნობილი გახდა, არსებითი პაკეტის ახალი ვერსია დამტკიცდა საქართველოსთვის - ანუ მხარდაჭერა იზრდება. როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას? ასევე ითქვა, რომ მოკავშირეები შეეცდებიან უფრო პრაქტიკული გზები იპოვონ საქართველოს დასახმარებლად. ხომ არ იქნებოდა ზუსტად ეს უფრო პრაქტიკული გზა, როგორც თქვენ ბრძანეთ, საქართველოს ნატოში დაუყოვნებელი გაწევრიანება?
ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება დაჩქარდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც წარმოადგენს შავი ზღვის უფრო დიდ რეგიონში კონკურენციის ძირითად ნაწილს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვზრუნავთ რეგიონზე, ასევე უნდა შევძლოთ ვიპოვოთ გზა შავი ზღვის რეგიონში ინიციატივის მოსაპოვებლად; საქართველოსა და უკრაინისთვის მაპის შეთავაზება კი ხელს შეუწყობდა ამის გაკეთებას. კრემლს არ სჭირდება რაიმე პროვოკაცია, ის აკეთებს იმას, რაც სურს და შემდეგ ცდილობს სხვები დაადანაშაულოს, ამიტომაც გვაქვს უწყვეტი ყალბი ნარატივი. რეალურად, ჯობს იყო ძლიერი და საკუთარ თავზე აიღო ინიციატივა, კრემლი პატივს სცემს მხოლოდ ძალას.
_ჩვენს გამოცემასთან ინტერვიუში არაერთხელ განაცხადეთ, რომ დროა, დასავლეთი უფრო გააქტიურდეს საქართველოსთან და ზოგადად, რეგიონთან მიმართებით. ყარაბაღის მოვლენებმა მით უფრო ცხადად დაგვანახა ამის საჭიროება, თქვენი აზრით, თუ მართლა დადგება დღის წესრიგში საქართველოსთვის Map-ის მინიჭების საკითხი, ეს ხომ არ იქნება დასავლეთის ერთგვარი, ე,წ ,,გამოფხიზლება’’?
დასავლეთისთვის ე.წ. „გამოფხიზლება“ იქნებოდა, თუკი საქართველო გადადგამდა ყველა აუცილებელ ნაბიჯს, რათა უფრო მეტად მიმზიდველი გამხდარიყო საერთაშორისო კერძო ინვესტიციებისთვის. გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და შეერთებული შტატებიდან ბიზნეს ინვესტიციების მიღების შემთხვევაში ეს ქვეყნები კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ საქართველოს უსაფრთხოებას, რაც, რა თქმა უნდა, ყველაზე ნაკლებ სასურველია კრემლისთვის.
_თქვენ აღნიშნეთ, რომ აშშ-სთვის თურქეთი უნდა იყოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში, თუ მხედველობაში ვიქონიებთ, ყარაბაღის ზავის შემდგომ, რეგიონში ძალთა ბალანსის საკითხსაც და იმასაც, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, ხომ არ არის დროული კიდევ უფრო ინტესიური გახდეს დასავლეთის თანამშრომლობა თურქეთთან?
დიახ, რა თქმა უნდა. სურვილიც კი არ მაქვს წარმოვიდგინო ძლიერი ნატო თურქული მონაწილეობის, ლიდერობისა და კონტრიბუციის გარეშე. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ნდობა ჩვენს ერებს შორის, ისევე როგორც თურქეთსა და ევროპას შორის.
_თქვენი აზრით, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში გადავა თუ არა აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვან საფეხურზე, უფრო კონკრეტულად, გაზრდის თუ არა აშშ როტაციულ ძალებს და ინფრასქტრუქტურას საქართველოში?
დიახ, იმედი მაქვს ასე მოხდება. მჯერა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია იქნება მტკიცე კრემლთან მიმართებაში და რომ შავი ზღვის რეგიონი მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარჩება. მოუთმენლად ველოდები, ვინ იქნება ჩვენი ახალი თავდაცვის მდივანი და ვინ დაიკავებს მეორე და მესამე პოზიციებს თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტებში. ეს აღმოჩნდება მნიშვნელოვანი სიგნალი თუ რა მიმართულებას აირჩევს ბაიდენის ადმინისტრაცია.
დარწმუნებული ვარ, ბაიდენის ადმინისტრაცია გააქარწყლებს ყველა ეჭვს ევროპასა და ნატოში ამერიკული ვალდებულებების შესახებ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ის უარს იტყვის ადრე დაგეგმილ ბაზების სრულ ან ნაწილობრივ გაყვანაზე გერმანიიდან.
_თქვენი აზრით, წამოიწევს თუ არა ანაკლიის პროექტის საკითხი, მით უფრო, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შავი ზღვის უსაფრთხოების თემას განიხილავენ?
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მე იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ ხელი შეუშალა, ან ყოველ შემთხვევაში ხელი არ შეუწყო მის განვითარებას.
საქართველოს მთავრობას რომ რეალურად ჰქონდეს ამ პორტის განვითარების სურვილი, ის ახლა მშენებლობის პროცესში იქნებოდა. ვფიქრობ, კრემლის გავლენა აქ მეტისმეტად იგრძნობა.
_პომპეოს ვიზიტი რომ შევაჯამოთ, თქვენი აზრით, ეს ვიზიტი, უფრო შეიცავდა თუ არა ერთგვარ გზავნილს, რომ ამერიკა აქ არის და რეგიონიდან არსად წასულა?
ჩვენ გვყავს შესანიშნავი დიპლომატები, რომლებიც მუშაობენ ჩვენს საელჩოში თბილისში და მათ სჭირდებათ სახელმწიფო მდივნის მხარდაჭერა. ამიტომაც მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანია. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს უფრო რეგულარულად უნდა ხდებოდეს.
_ახალი კონფიგურაცია და ძალთა ბალანსი გაურკვეველს ხდის ყარაბაღში მნიშვნელოვანი სატრანზიტო კორიდორის ბედს, რომელიც ევროპას ევრაზიასთან აკავშირებს. რა როლი შეუძლია შეიძლება ითამაშოს აქ თურქეთმა?
იმედი მაქვს, თურქეთი გამონახავს გზას, რათა უზრუნველყოს, რომ „რუსი სამშვიდობოები“ დიდხანს არ დარჩნენ მთიან ყარაბაღში. ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია. ვისურვებდი, რომ თურქეთმა გახსნას საზღვარი სომხეთთან, როგორც კეთილი ნების ნიშანი, უზრუნველყოს ეკონომიკური დახმარება და ხელი შეუწყოს თავისი როლის დემონსტრირებას სომეხი მოქალაქეების დაცვაში.
სომხეთმა სერიოზულად უნდა გადახედოს მის დამოკიდებულებას კრემლზე უსაფრთხოების თვალსაზრისით. თავიდანვე ნათელი იყო, რომ კრემლი არ აპირებდა ხელი შეეშალა მთიან ყარაბაღში სომხური ძალების განადგურებისთვის - მათ არ ჰქონდათ სათანადო სამხედრო მომზადება. მიუხედავად ამისა, სომხეთი ნებას რთავს რუსულ ჯარებს იქ განლაგდეს. ვფიქრობ, სომხეთს სჭირდება ბევრად უფრო საიმედო მეგობარი, შესაძლოა თუნდაც აშშ-ს, თურქეთის და საქართველოს სახით.