COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილები შევიდა. დამტკიცდა ახალი პროტოკოლი, რომელსაც დაემატა გამაძლიერებელი დოზითა და 12-დან 15 წლის ჩათვლით ბავშვების აცრის წესი. დეტალურ ინფორმაციას Europetime ჯანდაცვის მინისტრის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტზე დაყრდნობით გთავაზობთ.
COVID19-ის ვაქცინის გამაძლიერებელ დოზებზე, ასევე 12-დან 15 წლის ჩათვლით ბავშვების აცრისთვის რეგისტრაცია სამედიცინო დაწესებულებებშია შესაძლებელი.
COVID- 19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში დამატებითი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
მუხლი 1
განისაზღვროს Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი (ბუსტერ) დოზის ადმინისტრირების წესი შემდეგი სახით:
1. Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი (ბუსტერ) დოზით აცრა ჩაუტარდეს Covid-19 ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან Covid-19 დაავადების მძიმე გართულებების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პირებს, მათ შორის:
ა) 50 წლის და უფროსი ასაკის პირებს;
ბ) ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში მცხოვრებ 16 წელზე მეტი ასაკის პირებს, მათ მომვლელებს და დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული 16 წელზე მეტი ასაკის პირებს (მოქალაქეობის სტატუსისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად);
დ) სამედიცინო პერსონალს;
ე) 16-დან 49 წლის ჩათვლით ასაკის პირებს, ქრონიკული დაავადებებით.
2. ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 6-თვიანი ინტერვალით, რაც აითვლება მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან. ბუსტერ-დოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა, თუ დაშვებულია ვაქცინის მწარმოებლის მიერ.
მუხლი 2
Covid-19 საწინააღმდეგო Pfizer–BioNTech ვაქცინით ასაცრელ კონტინგენტს დაემატოს შემდეგი ჯგუფები:
1. 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვები.
2. 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვები, კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება.
მუხლი 3
Covid-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი, სინოფარმი) აცრილ პირებს მიეცეთ დამატებით Pfizer–BioNTech ვაქცინით აცრის შესაძლებლობა შემდეგი წესით:
1. ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში პირებს, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია ჩაუტარდეთ Pfizer–BioNTech ვაქცინის ორი დოზით აცრა, ამასთან მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს.
2. პირებს, რომლებსაც პირველი აცრა ჩაუტარდათ სინოფარმის ან სინოვაკის ვაქცინით, შემდგომ ორსულობის დადგომის შემთხვევაში მეორე აცრა ჩაუტარდეთ Pfizer–BioNTech ვაქცინით.
მუხლი 4
ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით, მე-2 მუხლითა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირებმა ვაქცინაციის სურვილის შემთხვევაში ამცრელ დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ ამავე მუხლებით განსაზღვრულ, რომელიმე კატეგორიასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მაგალითად: პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის და მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა; მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში - ან სამგზავრო ბილეთი/ჯავშვანი ან მოწვევა ან წერილი სამსახურიდან მივლინების შესახებ ან დამსაქმებლის წერილი ხშირი ბიზნეს-ვიზიტების შესახებ და სხვა), წინააღმდეგ შემთხვევაში ვაქცინაცია არ ჩატარდება.
მუხლი 5
ვაქცინაციის მიმწოდებელი ამცრელი დაწესებულებები ვალდებული არიან, ამ ბრძანების მე-4 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაცია შეინახონ არანაკლებ 2 (ორი) წელი.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს განაცხადა, რომ ვაქცინაციის წახალისების მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის წამახალისებელი ღონისძიებები განიხილება, რაც სასოფლო სამეურნეო სამუშაოებთანაა დაკავშირებული.
„ორშაბათიდან გვინდა მობილური ბრიგადებით და ადგილობრივი ექიმების ჩართულობით გავააქტიუროთ აცრები. ასევე, გვინდა მეტი მოტივაცია გაჩნდეს აცრებთან მიმართებით. დღეს საბჭოზე განვიხილეთ რამდენიმე საკითხი აცრებთან მიმართებით მოტივაციაზე, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ამაზე ვერაფერს გეტყვით.
მეტი ინიციატივა მათთვის, ვინც სოფლის მოსახლეობაში აიცრება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია 60 წელს ზევით ადამიანების აცრა, რადგან ჩვენი მასალების საფუძველზე გაანალიზებულია, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერ აცრილებში დაახლოებით ცხრაჯერ ნაკლებია, ვიდრე - აუცრელებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.