პატრიარქი: პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, უნდა დავაფასოთ პიროვნება და შევუწყოთ მას ხელი

სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვის ტექსტი გამოქვეყნდა.

„გილოცავთ სვეტიცხოვლობას! საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი. პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, მირიანი და ნანა არ ყოფილიყვნენ, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო მეოთხე საუკუნეში, ვინ ვიქნებოდით?!

ღმერთმა წყალობა მისცა, მართლაც, და ეს წყალობა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ. უნდა დავაფასოთ პიროვნება, პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში თქვენ მიაღწევთ დიდ წარმატებას...

სვეტიცხოვლობა არის უდიდესი დღესასწაული. შემთხვევით არ არის, რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღესაა. მახსენდება წარსული წლები, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრი გაჭირვება უნახავთ საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, მაგრამ საკვირველ არიან საქმენი შენი, უფალო! ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და მრავალი მწუხარება გარდაიქცა სიხარულად.