აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოში ვიზიტი თავდაცვის მინისტრთან შეხვედრით დაიწყო და სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე სტუმრობით დაასრულა.
თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარი სიახლე საქართველოს თავდაცვისა და შეკავების ინიციატივის გამოცხადება იყო, რომელსაც ლოიდ ოსტინის შეფასებით, ცენტრალური ადგილი ექნება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის სამხედრო თანამშრომლობაში.
თავდაცვის მდივანმა ახალ ინიციატივას ქვეყნებს შორის ურთიერთობის ახალი ფაზა უწოდა. ეს ახალი ინიციატივა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას შეცვლის, რომელიც წლის ბოლოს სრულდება.
ინფორმაციითვის: საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაზრდა. პროგრამის მიხედვით, დაკომპლექტდება, აღიჭურვება და გაიწვრთნა შეიარაღებული ძალების 9 სამანევრო ბატალიონი. პროგრამის განხორციელებისთვის აშენდა NATO-ს სტანდარტების საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) ვაზიანის ბაზაზე.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესსა და საჭირო ნაბიჯებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა, როდესაც განაცხადა, რომ ინიციატივა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლას შეუწყობს ხელს.
„როგორც ნახეთ საქართველო, აგრძელებს პროგრესის გზას თავდაცვის რეფორმირების სფეროში. შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ხელმძღვანელებთან დღეს. გვქონდა საშუალება, მათთან განგვეხილა ის საკითხები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს.
დღეს გაფორმებული მემორანდუმით აშშ ხაზს უსვამს თავდაცვის დეპარტამენტის გრძელვადიან პოლიტიკას, რომ დაეხმაროს საქართველოს, დაიცვას საკუთარი თავი, შეაკავოს აგრესია და წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, თუმცა ლოიდ ოსტინმა აქვე დაამატა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია და გაატაროს ფუნდამენტური რეფორმები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დასავლეთთან მეტად მჭიდროდ დაკავშირებისათვის.
„ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, დაგვეხმარება, რომ წვლილი შევიტანოთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაუმჯობესებაში დამატებითი შესაძლებლობების შექმნაში, შეიარაღებული ძალების წვრთნაში, რომ საქართველოს უკეთ შეეძლოს თავდაცვა და აგრესიის შეკავება.
ეს მემორანდუმი აღნიშნავს მართლაც ახალ, ამაღელვებელ ფაზას ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაში. ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ საქართველოს თავდაცვის პროგრამას და გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას თავდაცვის სექტორში. გავაძლიერებთ შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისთვის. ხელს შევუწყობთ ასევე საქართველოს NATO-სთან ურთიერთთავსებადობას“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით: აშშ დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის მიმართ მტკიცეა.
აშშ მუდმივად მხარს უჭერდა საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის განვითარების გზაზე დამოუკიდებლობის დღიდან და ველით, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება.
აშშ-ის საელჩომ აღნიშნა გარკვეული პრობლემები უკანასკნელ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე გამოვხატეთ რწმენა საქართველოს უნარისადმი, გააუმჯობესოს ეს მიმართულება.
საქართველომ მართლაც რომ დიდი მსხვერპლი გაიღო - 32 დაღუპული, 293 დაჭრილი ავღანეთში. ამერიკის შეერთებული შტატები პატივს მიაგებს მათ მსხვერპლს.
აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის მიერ სხვადასხვა მექანიზმით შავ ზღვაზე გავლენის მოპოვების მცდელობებს.
ლოიდ ოსტინმა 3+3 ფორმატზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს, რუსეთმა პატივის უნდა სცეს 2008 წლის შეთანხმებას.
შეგახსენებთ, ამერიკელი თადარიგის ოთხვარსკვლავიანი გენერლის ლოიდ ჯეიმს ოსტინის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას დაეშვა. ისტორიაში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს აქამდე ორჯერ სტუმრობდა.
პირველად დონალდ რამსფელდი, 41- პრეზიდენტის, ბუშის ადმინისტრაციის დროს და მეორედ - ჩაკ ჰეგელი, 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციიდან. დონალდ რამსფელდი საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა, მათ შორის 2001 წლის დეკემბერშიც, რომლის შემდეგაც საფუძველი ჩაეყარა საქართველოში „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას“, რომლისთვისაც აშშ-მ 64 მლნ გამოყო.