თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს უბრძანა, დასავლეთის ქვეყნების 10 ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს. ეს ეხებათ ელჩებს, რომლებიც მოითხოვდნენ ფილანტროპ ოსმან კავალას გათავისუფლებას. მაგალითად, კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩები.
„ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს მივეცი შესაბამისი ბრძანება და ვუთხარი, რა უნდა გაკეთდეს: ეს 10 ელჩი ერთდროულად უნდა გამოცხადდეს პერსონა ნონ გრატად. თქვენ ამ საკითხს დაუყოვნებლივ გადაჭრით“, - განაცხადა ერდოღანმა.
აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებს, თეთრ სახლსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ანკარაში მის საელჩოს არ მიუღია ინფორმაცია თურქეთის ხელისუფლებისგან ამ საკითხთან დაკავშირებით.
„გვსურს, თურქეთს მოვუწოდოთ, დაიცვას დემოკრატიული სტანდარტები და კანონის უზენაესობა, რისთვისაც მან იკისრა ვალდებულება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით“, - განაცხადეს უწყებაში.
ოსმან კავალა ოთხი წელია, ციხეშია, ბრალად ედება 2013 წელს საპროტესტო აქციების დაფინანსება და 2016 წლის წარუმატებელ გადატრიალებაში მონაწილეობა. ის უარყოფს ბრალდებებს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მისი საქმე ერდოღანის დროს, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ თავდასხმის სიმბოლოა.
18 ოქტომბერს ერთობლივ განცხადებაში კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩებმა მოითხოვეს კავალას საქმის სამართლიანი და სწრაფი გადაწყვეტა და მისი „სწრაფი გათავისუფლება“.