თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მონაწილეობით, საფუძველი ჩაეყარა ჰორადიზ-ჯებრაილ-ზანგილან-აღბანდის საავტომობილო გზას (ზანგეზურის დერეფანი).
მანამდე, პრეზიდენტები აჰმედბეილი-ფიზული-შუშას საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოს გაეცნენ.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანში დღეს ჩავიდა.
თვითმფრინავი, რომელშიც თურქი ლიდერი იყო, ფიზულის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
ე.წ. ზანგეზურის დერეფანი სომხეთის ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთთან.
სომხეთი, რომელიც პროექტს ეწინააღმდეგება, თვლის, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ იმ მონაკვეთზე, რომელიც სომხეთზე გაივლის, ქვეყნის სუვერენიტეტი უნდა ვრცელდებოდეს. საგზაო პროექტის შესახებ მხარეებს საბოლოო შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.
ყარაბაღში ბოლო საბრძოლო მოქმედებები ერთი წლის წინათ, 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 44 დღე გაგრძელდა. 30 წლის შემდეგ აზერბაიჯანმა ყარაბაღის თითქმის სრულ ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინა. ხანქენდი, რომელსაც სომხებმა სტეფანაკერტი უწოდეს და მთინი ყარაბაღის დედაქალაქის სტატუსი ჰქონდა, აზერბაიჯანის ფაქტობრივი კონტროლის მიღმაა. მის შესასვლელებს რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ, რომელთაც სამშვიდობოების სტატუსი აქვთ.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ყარაბაღზე გამავალი დერეფნის გახსნა პოლიტიკური საკითხია