დიპლომატიური კრიზისი თურქეთსა და სხვა დასავლურ ქვეყნებს შორის, 3+3 ფორმატი, რუსეთის როლი, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები და სხვა საკითხები იყო Europetime-ის ექსკლუზიური ვიდეო ინტერვიუს თემა ევროპარლამენტარ, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, ლიეტუვის თავდაცვის ყოფილი მინისტრ რასა იუკნევიჩიენესთან. ევროდეპუტატთან ინტერვიუ მოახლოებულ არჩევნებსა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში მის მნიშვნელობაზე შეკითხვით დავიწყეთ.
რასა იუკნევიჩიენე: ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რადგან ჩვენს საზღვრებთან პოლიტიკური ვითარება არ არის სტაბილური.
რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში, ყველა ქვეყანა განიცდის პოლიტიკურ არასტაბილურობას, ასევეა ჩემი ქვეყანა, ლიეტუვაც. მაგრამ საქართველოში სიტუაცია განსხვავებულია: ევროპული ტიპის სტაბილური პოლიტიკური პარტიების შექმნის პროცესს, როდესაც პოლიტიკოსები შეძლებენ ერთმანეთთან საუბარსა და კომპრომისის პოვნას, ძალიან დიდი დრო სჭირდება. პოლიტიკური პარტიები ზედმეტად არიან დაკავშირებულნი პიროვნებებთან და მათ კონფლიქტებთან, იმის ნაცვლად, რომ იყვნენ ორიენტირებულნი გარკვეულ საკითხებზე.
ასე რომ, არჩევნები მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის და განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, თუ როგორ ატარებენ მმართველი პარტიები (ვგულისხმობ ყველგან, იქნება ეს უკრაინაში, ბელარუსში, რუსეთსა თუ საქართველოში და სხვა ქვეყნებში) არჩევნებს. ახერხებენ თუ არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან თავშეკავებას, როგორ ექცევიან ოპოზიციას და მოქმედებენ თუ არა დემოკრატიულად. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ყველა ქვეყნისთვის და ჩვენ თვალს ვადევნებთ იმას, რაც ხდება.
_განსაკუთრებულ ყურადღებას რა საკითხები იქცევს საქართველოს შემთხვევაში, როდესაც ვსაუბრობთ დაკვირვებაზე?
სასამართლო სისტემა, მმართველი პარტიის ქცევა, ადმინისტრაციული რესურსები, ფინანსური რესურსის გამოყენება, და დამოკიდებულება ოპოზიციისა და სამართლიანობის მიმართ. კანონის უზენაესობა ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის, ასევე, მოქალაქის ძირითადი უფლებები, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს მომავლისთვის. ამის გარეშე, ევროკავშირსა და სხვა უფრო დემოკრატიულ ალიანსებში გაწევრიანებაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია.
_ აქ საგულისხმობა, რომ საქართველო ემზადება 2024 წლისთვის ევროკავშირში განაცხადის შესატანად.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს ამას, როდესაც გავიგეთ მმართველი პარტიისგან მათი მოლოდინების, დაპირებების შესახებ, როგორც ჩემთვის ცნობილია, ისინი ამის შესახებ მათ პროგრამაშიც საუბრობდნენ, ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, მაგრამ ერთია კარგი პრეზენტაციის ან კარგი განცხადების კეთება, მაგრამ სხვა რამ არის, იმოქმედო როგორც ევროპელმა.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებისთვის, ყველა მხარისთვის, რომ შეეცადონ იმოქმედონ, როგორც ევროპელებმა, რათა ევროკავშირის პარტნიორებს აჩვენონ, რომ მზად არიან წევრობაზე განაცხადისთვის. მე ვთვლი, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ასეთ გადაწყვეტილებებს. თქვენ გყავთ მეგობრები ევროკავშირში და მათი მხრიდან დიდია მხარდაჭერა.
სამწუხაროდ, თქვენს პოლიტიკოსებს ზოგჯერ არ ესმით, რომ თქვენი მეგობრებისთვის ევროკავშირში არც ისე მნიშვნელოვანია, რომელი პოლიტიკური პარტია იქნება ამა თუ იმ მთავრობაში. მთავარია, რას აკეთებენ და ხანდახან ვფიქრობ, მმართველ პარტიაში ზოგიერთი პოლიტიკოსი ფიქრობს, თუ ჩვენ მათ ვაკრიტიკებთ, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციაში ვართ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ჩვენთან ერთად იყოს.
ამის იმედი მაქვს და ვნახე კიდეც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, როდესაც ქართველების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ მხარს უჭერს ევროპულ გზას და იმას, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი მომავალში. მაგრამ ამისთვის საქართველოს სჭირდება წარმატებული ევროპული რეფორმები. და თუ საქართველო არ დაბრუნდა ამ პროევროპული რეფორმების, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის გზას, ძალიან რთული დასაჯერებელი იქნება, საქართველო მზად იქნება ასეთი განაცხადისთვის 2024 წელს.
_აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაციის დაჩქარება ასოცირებული ტრიოს საერთო მიზნებშია, როგორ აფასებთ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საერთო ძალისხმევებს?
ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ აქ, ევროპარლამენტში, რათა დავარწმუნოთ ბევრი პოლიტიკოსი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, რომ ასოცირებული ტრიოს სტრატეგია ერთადერთი გზაა გარკვეული გარღვევის მისაღწევად აღმოსავლეთ პარტნიორობაში.
მაგრამ ეს ძირითადად ქვეყნებზეა დამოკიდებული. დღეს ვხედავ, რომ მოლდოვა ხდება ლიდერი თავის მისწრაფებებში, აქვს ძალიან ძლიერი მისწრაფებები, პოლიტიკური ნება, გახდეს ევროპული ქვეყანა რეფორმების გატარებით. ისინი ევროპელები არიან, მაგრამ სურთ, რაც შეიძლება ახლოს იყვნენ ევროკავშირთან.
საქართველო ყოველთვის ლიდერი იყო, საქართველო ლიდერია რეგიონში დემოკრატიზაციის პროცესში, მაგრამ ახლა ბევრი მეგობარი მწვანეებში, ლიბერალებში, სოციალ-დემოკრატებში, კონსერვატორებსა და ევროპარლამენტში ძალიან იმედგაცრუებულია, განსაკუთრებით შარლ მიშელის წინადადების შემდეგ, როდესაც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამა უარი თქვა, ხელი მოეწერა ამ დოკუმენტზე და ამის შემდეგ მმართველმა პარტიამ შეთანხმება გააუქმა.
მოდით, შევხედოთ, რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს საქართველოსთვის? იმის გამო, რომ უმაღლესი დონის წინადადება უარყოფილია, ახლა ყველა ყოყმანობს რაღაცის გაკეთებას. რა თქმა უნდა, ასოცირების ტრიო ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმედგაცრუება ამძიმებს სიტუაციას. მეტის გაკეთება გჭირდებათ. ევროკავშირის მისწრაფებები უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიზაციას, სამართლიანობას, კანონის უზენაესობას, კორუფციასთან ბრძოლას, აუცილებელ რეფორმებს.
_ქვეყანა ასევე ისწრაფვის NATO-ში გაწევრიანებისკენ. ამ მხრივ საინტერესოა თქვენი ქვეყნის გამოცდილებაც.
NATO ასევე არის ორგანიზაცია დემოკრატიებისთვის. ასე რომ, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მახსოვს ჩვენი მისწრაფებები, გავმხდარიყავით NATO-ს წევრი 2004 წლამდე, იგივე მოთხოვნები გვქონდა მაგიდაზე. NATO-ში გაწევრიანება მხოლოდ სამხედრო რეფორმებს არ ეხება, ეს არის სახელმწიფოს ძალისხმევა, მათ შორის მრავალი სხვა რთული საკითხი. თუ საქართველო დაბრუნდება წარმატებული პროევროპული რეფორმების გზაზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო ახლოს იქნება NATO-ს წევრობასთან. ასე რომ, ეს არის თითქმის იგივე პროცესი, მაგრამ მე მომხრე ვარ, რომ საქართველო და უკრაინა გახდნენ NATO-ს წევრები.
ვფიქრობ, 2008 წელს, შეცდომა იყო, როდესაც ამ ქვეყნებს არ მიანიჭეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. მაგრამ ეს უკვე ისტორიაა, თქვენმა ქვეყანამ დღეს კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ დაარწმუნოს ლიდერი ქვეყნები NATO-ში, მიიღონ ეს გადაწყვეტილება, რადგან ეს არ არის ადვილი გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენს საზღვრებთან რუსეთი გვყავს, ისინი ძალიან ეწინააღმდეგებიან NATO-ს გაფართოებას. არ მინდა ვთქვა, რომ რუსეთს აქვს ვეტოს უფლება, მაგრამ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ირგვლივ არსებული ყველა გარემოება. ასე რომ, თქვენ ახლა გჭირდებათ უფრო წარმატებული რეფორმები.
მძიმე სამუშაოა. დედაქალაქში უფრო აქტიური მუშაობა გჭირდებათ და, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. თქვენი ქვეყნის რეფორმების შესახებ კარგი გზავნილების გარეშე, გადაწყვეტილების მისაღებად გარემო არ იქნება კარგი.
უპირველეს ყოვლისა, საჭიროა საუბრის დაწყება და რაიმე სახის შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა, რომ იპოვოთ საერთო საკითხები ამ ძალიან ლამაზი ერისთვის, მისი მომავლისთვის, საბოლოოდ NATO-ში გაწევრიანებისთვის, და საერთო განცხადებაზე ხელმოწერის სახით, მაგალითად, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რათა შემუშავებული იყოს აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანამ უნდა გადადგას რეფორმების კუთხით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით.
ამ შეთანხმების გარეშე, ასეთი ბრძოლებით, როდესაც ოპოზიციის ლიდერი ციხეშია, როცა ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, როცა მართლმსაჯულების საკითხი შეშფოთებას იწვევს, შეგიძლიათ, სათითაოდ გააკეთოთ მიმართვა, როგორ გსურთ გახდეთ NATO-ს წევრი, მაგრამ თუ ამას საქართველოდან ცუდი ამბები მოჰყვება, დარწმუნებული არ ვარ, რომელიმე პოლიტიკოსი სიამოვნებით მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებებს MAP-ის ან წევრობის შესახებ.
შესაძლოა, პესიმისტი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო იქნება NATO-ს, ევროკავშირის ნაწილი, მაგრამ მეორე მხრივ, დღეს ვერ ვხედავ პასუხისმგებელ პოლიტიკურ საზოგადოებას, რომ ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი ერთად იკისრებს პასუხისმგებლობას ამაზე. რუსეთი, კრემლი კი თავის საქმეს აკეთებს. ამ ქაოსის შენარჩუნებას ცდილობენ. თქვენი მეგობრები ევროპარლამენტშიც კი ვერ გააკეთებენ უფრო მეტს საქართველოსთვის, როცა, მაგალითად, თქვენი პრემიერ-მინისტრი თავს დაესხმება მათ.
_ თქვენც ახსენეთ რუსეთი და შევეხოთ 3+3 ფორმატსაც. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები შეახსენებენ რუსეთს, რომ მოსკოვმა უნდა გაამახვილოს ყურადღება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვალდებულებების შესრულებაზე, ვიდრე რაიმე ახალ სადისკუსიო პლატფორმას წაახალისებს...
რუსეთის გეგმები აშკარად ნათელია. მათ სურთ, საქართველო დაშორონ NATO-ს და ევროპული გზას. მიაჩნიათ, რომ ეს საქართველოსთვის ალტერნატივაა. ასე რომ, საქართველოს არჩევანია, რა გზით წავა. მე ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი, როცა რუსეთი არის სადღაც, ამა თუ იმ ალიანსის მხარეს. საქართველო უნდა დაბრუნდეს წარმატებული პროევროპული რეფორმების გზაზე და არა, ებრძოლოს ევროკავშირს ან ვინმეს ევროპარლამენტში.
რთული სათქმელია, როგორ დაუბრუნდებით იმავე გზას, როგორც ეს იყო შემოთავაზებული შარლ მიშელის მიერ და როგორ დაუბრუნდეთ შეთანხმებას ევროკავშირის ლიდერებთან, მაგრამ ეს თქვენი მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანაა. მეორე მხრივ, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს სჭირდება ერთგვარი გადატვირთვა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ახალი ბიძგი.
ვიდრე თქვენი ლიდერები არ აიღებენ პასუხისმგებლობას და არ შეწყვეტენ ამ ძალიან სასტიკ ბრძოლას ივანიშვილ-სააკაშვილს შორის ან რაიმე მსგავსს, სიტუაციის დაძლევა ადვილი არ იქნება. და მხოლოდ რუსეთი ისარგებლებს ამ სიტუაციით.
ეს ასევე დამოკიდებული იქნება ხალხზე, იქნება თუ არა საკმარისი გაგება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია, რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილური სისტემა და კანონის უზენაესობა. ხალხის გადასაწყვეტია, მე მესმის, რომ ძალიან ბევრი ფიქრობს, როგორ გადაარჩინოს მისი ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ რუსეთი საქართველოს უკეთეს ეკონომიკას ვერ უზრუნველყოფს. ევროკავშირში სხვა სახელმწიფოებრიობაა. შეხედეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებს დღეს და გაწევრიანებამდე.
_და ბოლოს, ასევე მნიშვნელოვანი თემა საქართველოსთვისაც. როგორ იმოქმედებს NATO-ს წევრი თურქეთის ბოლოდროინდელი დაძაბულობა დასავლეთთან მის მომავალ ურთიერთობებზე, იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში?
ვფიქრობ ეს საკითხი მოგვარდება. როგორც ვხედავ, ყველა მხარეს სურს სიტუაციის დეესკალაცია. თურქეთი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. მოხარული ვარ, რომ თურქეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერია. თურქეთთან კარგი ურთიერთობა საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, როდესაც საქმე ეხება რუსეთის, კრემლის მონაწილეობას გარკვეულ პროცესებში.
მესმის, რომ ერთგვარი იმედგაცრუება გამოიწვია, საქართველოსთვის MAP-ის არმინიჭებამ, საჭიროა მოთმინება. ამის დროც დადგება. გადაწყვეტილებებს ყველა ქვეყანა ერთად იღებს, ჩვენ გვჭირდება კონსენსუსი გადაწყვეტილების მისაღებად. NATO-ში ყველა ქვეყანა მნიშვნელოვანია.