ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, სავარაუდოდ, მოლპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართება

ოპოზიცია პარლამენტში შესვლას ისევ არ აპირებს და ბოიკოტს განაგრძობს, თუმცა მმართველ პარტიასთან ელჩების შუამავლობით მიმდინარე კონსულტაციებში მონაწილეობს. მოლაპარაკებების დეტალებზე, ელჩების თხოვნით, არც ერთი მხარე არ საუბრობს, თუმცა მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე მედიაში მაინც გავრცელდა დოკუმენტი, რომელშიც მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ გაგზავნილი შეთავაზებაა წარმოდგენილი.

მეორე პუნქტი „საპარლამენტო არჩევნებს მოიცავს, რომელშიც მთავრობას სთავაზობენ ორ ვარიანტს: „ახალი არჩევნების დანიშვნას 2021 წელს“ და „პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ“. იქვე დოკუმენტში მოყვანილია პლებისციტის პირობები და განმარტებულია შედეგების შესაბამისად არჩევნების ჩატარების პირობები.

დღევანდელი მოლაპარაკებებიდან ცნობილი გახდა, რომ შეხვედრაზე განიხილეს როგორც „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული გეგმა, ასევე ოპოზიციის მოთხოვნებიც, რომლებიც ასევე წერილობითი სახით იყო წარმოდგენილი.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დავით ბაქრაძე მომავალ შეხვედრას ელის და იმედოვნებს, რომ უკვე შემდეგ შეხვედრაზე გახდება ცნობილი, არის თუ არა კონსენსუსი მიღწეული პარტიებს შორის.

„დღეს იყო გარკვეული საკითხები, რომლებზეც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, მაგრამ დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი, სადაც საერთო პოზიციაზე ვერ შევთანხმდით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

.„გირჩის“ ლიდერის განცხადებით, „პუნქტებით გაიარეს ხელისუფლების შეთავაზება“. „არის გარკვეული პუნქტები, სადაც თანხვედრა ვნახეთ, მაგრამ ასევე არის გარკვეული პრინციპული მონაკვეთები, რომელზეც ვერ დავეთანმხებით ხელისუფლებას. რიგგარეშე არჩევნებზე დეტალებს ვერ გეტყვით, ამის შესახებ ინფორმაციის გახმაურების უფლება არ მაქვს. ოპოზიცია რჩება ბოიკოტის რეჟიმში და ერთობლივი გადაწყვეტილებით, არ აპირებს პარლამენტში შესვლას“, - განუცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.

მმართველი პარტიის წარმომადგენელმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელახალ არჩევნებს და პლებისციტს „ქართული ოცნება“ არ განიხილავს.

„ეს ნამდვილად ემსახურებოდა პოზიციების დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას და ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შემდგომ გრძელვადიან თანამშრომლობას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ელჩებს, რომლებიც ფასილიტაციას უწევენ ამ მნიშვნელოვან დიალოგს და იმედი გამოვთქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე შესაძლებელი გახდება შეთანხმება, მისი გაფორმება და პარლამენტის მრავალპარტიული ფუნქციონირება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.