დასავლეთი ბოსნიაში პოზიციების შესუსტებას თუ დაუშვებს, ეს იქნება პუტინის მოწვევა, იმოქმედოს არა მხოლოდ ბალკანეთში, არამედ უკრაინასა და საქართველოში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა.
„P-3-ის და ევროკავშირის სისუსტე ბოსნიაში გავლენას ახდენს ყველა ჩვენგანზე: ნათელი გამოცდა კრემლის კიდევ უფრო მეტად აგრესიული საგარეო პოლიტიკისთვის. დასავლეთი თუ დაუშვებს, რომ ეს მოხდეს ბოსნიაში და დეიტონის შეთანხმება მოკვდება, ეს არის მოწვევა პუტინისთვის, იმოქმედოს არა მხოლოდ ბალკანეთში, გახსენებთ უკრაინასა და საქართველოს“ – წერს ევროდეპუტატი.
გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო მიმდინარე კვირაში განიხილავს „იუფორის“ (EUFOR) სამშვიდობო მისიის მანდატის ერთი წლით გახანგრძლივებას ბოსნიაში.
ბოსნია და ჰერცეგოვინის დაშლის და ახალი კონფლიქტის პერსპექტივები ძალიან რეალურია, თუ ეთნიკური სერბების ჯარები ბოსნიის არმიიდან გავლენ, – ამის შესახებ ბოსნიის და ჰერცეგოვინის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კრისტიან შმიდტმა განაცხადა.
საერთაშორისო დესპანის თქმით, დასავლეთ ბალკანეთის პატარა ქვეყანას შეიძლება შეექმნას ომის შემდგომი პერიოდის ყველაზე დიდი ეგზისტენციალური საფრთხე, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა არ შეზღუდავს ბოსნიელი სერბების სეპარატისტულ ქმედებებს.
გერმანელი დიპლომატის განცხადებით, ბოსნიელი სერბები საფრთხის ქვეშ აყენებენ არამხოლოდ ქვეყნისა და რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მიერ პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს შეთანხმების გაუქმება, რომელმაც დაასრულა ბოსნიის ომი 1995 წელს.