რა საკითხები განიხილა CIA-ს დირექტორმა მოსკოვში ვიზიტისას

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი მოსკოვში გაგზავნა ამ კვირის დასაწყისში, რათა გაეფრთხილებინა კრემლი, რომ აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინის საზღვრის მახლობლად ჯარების მობილიზებას. ბერნსი შეეცადა დაედგინა, რა არის რუსეთის ქმედებების მოტივაცია.

ამის შესახებ CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

"ბერნსის იშვიათი ვიზიტი რუსეთში, სადაც მან მოლაპარაკებები გამართა კრემლის უშიშროების მაღალჩინოსნებთან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ სამხედრო საქმიანობაში, შედგა მას შემდეგ, რაც აშშ სულ უფრო მეტად შეშფოთებულია რუსეთის მიერ უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან ჯარებისა და აღჭურვილობის არარეგულარული გადაადგილებით.

უილიამ ბერნსი მოსკოვს 2-3 ნოემბერს ეწვია და რუს მაღალჩინოსნებს, მათ შორის რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ სერგეი ნარიშკინს შეხვდა.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო დღეებში გააძლიერა ძალისხმევა მოსკოვსა და კიევს შორის მზარდი დაძაბულობის დეესკალაციისთვის. რუსეთში შეხვედრების შემდეგ, ბერნსი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა ეს დაძაბულობა განემუხტა“, განუცხადეს წყაროებმა CNN-ს.

„ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად კიევში ხუთშაბათს ასევე გაგზავნეს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი“, - იუწყება CNN.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ვიზიტზე წერს Reuters-ი. მისი წყაროების ინფორმაციით, რუსეთში ბერნსმა კიბერშეტევების საკითხი განიხილა.

„ეს მოგზაურობა ივნისში ჟენევაში გამართულ სამიტს მოჰყვა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ზეწოლა მოახდინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, ემოქმედა ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც თავს დაესხნენ კომპანიებსა და ინფრასტრუქტურას შეერთებულ შტატებში, და მოსკოვი საჯაროდ დათანხმდა კიბერ დამნაშავეების თვალყურის დევნებას. „კიბერუსაფრთხოება იყო ერთ-ერთი თემა“, - განაცხადა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (FSB) დაახლოებულმა წყარომ და აღნიშნა, რომ ბერნსმა წარმოადგინა მტკიცებულებები თავდასხმებში რუსი ჰაკერების მონაწილეობის შესახებ“, - წერს Reuters-ი.

ბერნსი, რომელსაც რუსეთში ამერიკის ელჩის თანამდებობა 2005 წლიდან 2008 წლამდე ეკავა, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელს, სერგეი ნარიშკინსაც შეხვდა და როგორც მედია იუწყება, მხარეებმა განიხილეს აშშ-რუსეთის თანამშრომლობა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში.

„დიალოგი ამ დონეზე და ასეთ მგრძნობიარე საკითხებზე, ძალზედ მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობებისა და აზრთა გაცვლისთვის იმ საკითხებზე, რომლებიც გვაქვს“, - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

მედიაში 2 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი რუსეთს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა.

ცნობისთვის, 3 ნოემბერს, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა რუსული კიბერუსაფრთხოების კომპანია Positive Technology, რომელიც სანქციების ქვეშ არის აპრილიდან, შავ სიაში შეიყვანა და განაცხადა, რომ ქსელებში არაავტორიზებული წვდომისთვის კიბერინსტრუმენტებს იყენებდა.