Europetime-მა ევროპარლამენტარ (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ჩეხმა პოლიტიკოსმა საქართველოში განვითარებული პროცესები შეაფასა, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
_როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ექსპრეზიდენტი ერთ თვეზე მეტია, შიმშილობს. მრავალფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანის მოწოდებების მიუხედავად, ის ჯერ არ გადაუყვანიათ სამოქალაქო კლინიკაში. ამ მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობს ოპოზიციონერი ლიდერიც. რა შეფასებას აძლევთ თქვენ როგორც ევროპარლამენტარი ამ პროცესს?
ვფიქრობ, ყველა საზოგადოებაში, პირველ რიგში, ჯანმრთელობის საკითხს უნდა მიენიჭოს პრიროტეტი და სწორედ ეს უნდა იყოს გათვალისწინებული. მესმის, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მტკიცე პოზიცია აქვს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე და ასევე, ამ საქმის სენსიტიურობის გათვალისწინებით, მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს როგორც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, ისე ოპოზიციონერი ლიდერის, ელენე ხოშტარიას უსაფრთხოება ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გზით. ძლიერი დემოკრატია ასევე განისაზღვრება იმით, თუ როგორ ექცევი მტრებს.
_რა რესურსები არსებობს ევროპელი პარტნიორების მხრიდან კრიზისული ვითარების გადაჭრისთვის?
ჩვენ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, დააკმაყოფილონ სააკაშვილი საჭირო სამედიცინო მომსახურებით, თუმცა მსგავს საქმეებში ევროკავშირის მხრიდან შემდგომი ჩართვის პრეცედენტი არ არსებობს.
_ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 10 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რის შემდეგაც სააკაშვილი მზად არის, შეწყვიტოს შიმშილობა, თუ შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო კლინიკაში. სასამართლოს გადაწყვეტილებაში სწორედ ამ გარემოებაზეა მითითება. როგორ ფიქრობთ, რა როლს შეასრულებს სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ამ პროცესში.
მე ძალიან ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილების გამო და კიდევ უფრო მიხარია, რომ ბატონი სააკაშვილი მზადაა, ასეთ პირობებში შიმშილობა შეწყვიტოს. ველოდები „ქართული ოცნების“ რეაქციას ამასთან დაკავშირებით და ასევე გადაწყვეტილებას, გადაიყვანენ თუ არა მას საავადმყოფოში.