„ვადასტურებ აპლიკაციის მიღებას, რომლითაც მოითხოვეთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად, მიუთითოს საქართველოს მთავრობას, რომ განმცხადებელი (მიხეილ სააკაშვილი) დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში“, - ასე იწყება სტრასბურგის სასამართლოს მორიგე მოსამართლის მიერ მიღებული დოკუმენტის ტექსტი, რომელიც მხარეებს 10 ნოემბერს გაეგზავნა.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 41-ე მუხლის თანახმად, აპლიკაციას მინიჭებული აქვს პრიორიტეტი და აქვე მითითებულია, რომ მხარეებს 39-ე მუხლით განსაზღვრულ ზომებთან დაკავშირებით, 24 ნოემბრამდე აქვთ ვადა, სტრასბურგისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად.
გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების შესახებ
2021 წლის 10 ნოემბერს, სასამართლომ (მორიგე მოსამართლემ) მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე და საქმის სათანადოდ წარმართვის მიზნით, გადაწყვიტა, განმცხადებელს (მიხეილ სააკაშვილს) შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვოს.
ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ უნდა აცნობოს მას განმცხადებლის (სააკაშვილი) ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის (ისევე, როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო მკურნალობის შესახებ) შესახებ და რომ უნდა უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება ზოგადად ციხეში, და შესაბამისი სამედიცინო დახმარებით შიმშილობის შემდგომ, რეაბილიტაციის პერიოდში.
დოკუმენტს ხელს აწერს
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და იმავე დღეს დაიწყო შიმშილობა. ექსპრეზიდენტი გლდანში, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. აშშ-მ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ამასთან, Amnesty International-ი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას აცხადებს, რომ ეს არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა.