ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე

ელიტა

ეფექტური რეკლამა გინდათ საკუთარი პროდუქციის გასაყიდად? - მიანიშნეთ რომ ელიტური პროდუქტია და აუცილებლად გაგეყიდებათ... კომპლიმენტი გინდათ ვინმეს მიუძღვნათ? - მოიხსენიეთ ელიტის ნაწილად... უძრავი ქონების სარფიანად გაყიდვა გინდათ? - დაარწმუნეთ მყიდველი, რომ ელიტური უბანია და ელიტური მეზობლებით... სასურველი სასიძო ან საპატარძლო გინდათ გახდეთ? - მოიწონეთ თავი ელიტური ოჯახითა და წინაპრებით... უყვართ საქართველოში ელიტურობა...

რა არის მაინც ეს ელიტა? ვინ ადგენს მის საზღვრებს და შემადგენლობას? ვინ ანიჭებს ელიტურებს ელიტურობის განცდას? ყველაზე მარტივი განმარტებით, ელიტა პრივილეგირებული სტატუსის მქონე ადამიანთა ჯგუფია, პრივილეგიები კი ბევრი გზით შეიძლება მოიპოვო - განსაკუთრებული ნიჭით, დიდი ფინანსური შესაძლებლობებით, საერო ან სასულიერო თანამდებობის მოპოვებით, მმართველი პარტიის ერთგულებით, კრიმინალური საქმიანობით... პრივილეგიებთან ერთად ცნობადობაც იზრდება და პატივისცემაც - ელიტის წევრებს უსმენენ, უჯერებენ და ზებუნებრივ უნარებსაც კი მიაწერენ...

ელიტებს განსაკუთრებულ პატივს კონსერვატიულ საზოგადოებებში მიაგებენ - მოსწონთ ელიტური იერარქიულობა და იერარქიული სტაბილურობა... თითქოს ქართველის სიფიცხე და ამბიციურობა არ უნდა ეთანხმებოდეს იერარქიის ჯაჭვში ჩაკარგვას, მაგრამ პატარა ერი ვართ და ყველას შეგვიძლია თითო ნაცნობ-მოკეთე გამოვძებნოთ ელიტურ წრეებში და თავი ელიტის ნაწილად თუ ელიტასთან დაახლოებულ პირად წარმოვიდგინოთ... საქართველოს მსგავს ტრადიციულ საზოგადოებებში „ელიტურობა“ მემკვიდრეობითაც კი გადადის - რა საჭიროა, ინდივიდუალურ წარმატებაზე იმტვრიო თავი, თუ მარტივად შეგიძლია ისარგებლო ოჯახის წევრებისა თუ მეგობრების პრივილეგირებული სტატუსით... და მიდის ცხოვრება ასე სიამტკბილობაში... უფრო სწორად, მიდიოდა ოდესღაც - ახალი სახელმწიფო ნიშნავს ძველი ელიტების დაკნინებას და ახლების შექმნას, დიდი პოლიტიკური რყევები და ცვლილებები სხვა არაფერია, თუ არა ომი ელიტებს შორის, სახელმწიფოს მშენებლობა სხვა არაფერია თუ არა ახალი ელიტების დაბადება - ელიტები ქმნიან კანონებს, ღირებულებებს, ტენდენციებს და ამ ყველაფრის გარეშე თანამედროვე სახელმწიფოს კი არა, პროლეტარიატის დიქტატურასაც კი ვერ შექმნი...

დღეს, გუშინ და ალბათ ხვალაც, ყველაზე ტიპიური ქართველი ყველაზე ხშირად იმას გეტყვით, რომ ყველა სათავისოდ იბრძვის და ყველა აღმატებული პოლიტიკური მიზანი თუ იდეალი შირმაა პრივილეგიების მოსაპოვებლად. დღეს, გუშინ და ალბათ ხვალაც, ყველაზე ტიპიურ ქართველს ავიწყდება ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი - ელიტებს ჩამოყალიბებული ღირებულებები აქვთ და თუ რაიმესთვის იბრძოლებენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, ეს საკუთარი ღირებულებითი სისტემის დაცვაა, რასაც ჩვენებურად „ღირსების დაცვას“ არქმევენ ხოლმე... დღეს, გუშინ და ალბათ ხვალაც, ტიპიური ობივატელი ელიტების ყველა ქმედებას ფულადი სარგებლის მოპოვების სურვილს მიაწერს, ალბათ იმიტომ, რომ თავად არასდროს ყოფილა ელიტური ჯგუფის წევრი და არ იცის რომ იქ, ჯგუფის შიგნით, გასამხედროებული მზაობაა საკუთარი იდენტობის შესანარჩუნებლად, რომელიც შესაძლოა თავადაც კი გამოიგონეს... იდენტობისა და იდეის გარეშე ელიტა არ იქმნება და ვერ იარსებებს... უფრო მეტიც, ელიტური ჯგუფის წევრი თვითმკვლელი ტერორისტივით ყველა ამქვეყნიურ სარგებელს დათმობს ელიტურობის მანტიის შესანარჩუნებლად... როგორც სერვანტესი ამბობდა, უკანასკნელი ლოთიც კი რაღაც ხორციელზე მეტს ეძებს უკანასკნელ მეძავში... ასეთია ადამიანის ბუნება - აღიარების პრივილეგია მისთვის პურ-ღვინოს პრივილეგიაზე უფრო მაღლა დგას...

***

საქართველოში მიმდინარე ხანგრძლივი ქაოსის აღწერა თუ ორიოდე სიტყვით გვინდა გამოვხატოთ, ეს ელიტების ბრძოლაა და ბრძოლა იმ იდეებს შორის, რაც ამ ელიტების შექმნას დაედო საფუძვლად გუშინ, გუშინწინ თუ ათწლეულების წინათ... „მე რა შუაში ვარ, გლეხი კაცისთვის არავინ არ ალი“ - იკითხავს რიგითი ობივატელი. არადა, ნეტა იცოდე, როგორ შუაში ხარ... ელიტების დაუსრულებელი ბრძოლა ნიშნავს სოციალური წესრიგის მოშლას... ელიტების დაუსრულებელი ბრძოლა ნიშნავს გაორებული ღირებულებებით ცხოვრებას... ელიტების დაუსრულებელი ბრძოლა ნიშნავს ადამიანურ დეპრესიას, იმ მოქალაქის დეპრესიას, რომელმაც ვეღარ გაიგო რისი სჯეროდეს, სად არის მისი ადგილი დღეს და როგორია მისი მომავალი ხვალ... ელიტების ბრძოლაში რიგითი მოქალაქე დაინახავს თავის მიერ აღიარებული ელიტის ამორალურ მხარეებს და ეს „აღმოჩენა“ დაუკარგავს ქმედითობის უნარს და შეუსუსტებს თვითგადარჩენის ინსტინქტს... ელიტების ბრძოლაში რიგითი მოქალაქე იმ ბავშვივით დაიჩაგრება, მშობლების დაუსრულებელი ომის მსხვერპლად რომ აქციეს...

***

თქვენც ხომ კარგად იცით, განქორწინების რამდენი სცენარი არსებობს და რამდენნაირი მომავალი ექნება ოჯახურ კონფლიქტში გასრესილ ბავშვს - ზოგჯერ მშობლები მეგობრებად რჩებიან და ბავშვზე თანაბრად ზრუნავენ, ზოგჯერ ერთმანეთს კლავენ და ბავშვს აობლებენ, ზოგჯერ ერთი იმძლავრებს და მთელი ცხოვრება მეორის „გაშავებას“ მიუძღვნის თავს, ზოგჯერ ბავშვი თავად გააკეთებს არჩევანს და არავინ იცის, რამდენად სწორი აღმოჩნდება მისი არჩევანი მისივე მომავლისთვის, ზოგჯერ სხვები ჩაერევიან და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, ზოგჯერ კრიმინალები ისარგებლებენ ბავშვის მოწყვლადობით და დაუსახიჩრებენ სულსაც და სხეულსაც... არის საზოგადოებები, სადაც ბავშვებს დაბადებიდან ასწავლიან საკუთარი უფლებების დაცვას და გადაწყვეტილებების მიღებას, მაგრამ ჩვენ არ მოგვწონს ასეთი საზოგადოებები და არასდროს დავთანხმდებით საკუთარ ბავშვებს ვასწავლოთ ჩვენივე ამბიციებისგან თავის დაცვა...

***

როდესაც პოლიტიკურ მოვლენებს ისტორიულ ჭრილში აფასებ, სრულიად მარტივდება ზედხედის დანახვა... ხელოვნების ნიმუშსაც კი შორიდან უნდა ჭვრეტა - აბა სცადეთ და ცხვირი მიადეთ იმპრესიონისტულ ტილოს, ფერადი ლაქების მეტს ხომ ვერაფერს დაინახავთ... მაგრამ იმ ბავშვის პრობლემა სწორედ ის არის, რომ დღეს, მყისიერად, სრულ ქაოსში უნდა დაინახოს თავისი მომავლის საფრთხეები და შესაძლებლობები... და თქვენ რას ხედავთ იქ, წინ, საკუთარ მომავალში?