რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ და მისმა თურქმა კოლეგამ სედატ ონალმა სამხრეთ კავკასიაში 3+3 ფორმატის ამოქმედების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ სომხური მედია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
„ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის კონტექსტში აღინიშნა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი შეთანხმებების თანმიმდევრული შესრულების მნიშვნელობა და ხაზგასმით აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში „3+3“ (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო პლუს რუსეთი, თურქეთი, ირანი)“ საკონსულტაციო მექანიზმის უახლოეს მომავალში ამოქმედების საკითხი.
მოხდა აზრთა არსებითი გაცვლა ცენტრალურ აზიაში არსებულ ვითარებაზე, ავღანეთში ბოლო მოვლენების გათვალისწინებითაც. დაფიქსირდა რუსეთსა და თურქეთს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის სტაბილური განვითარება“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში.
მარია ზახაროვა: დროა, 3+3 ფორმატი პრაქტიკაში განხორციელების ეტაპზე გადავიდეს
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში კონლიფქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივაზე განაცხადა, რომელსაც მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანმა და ირანმა. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა აერთიანებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ „მიესალმება ირანის, თურქეთის, საქართველოსა და რიგი ევროპული ქვეყნების მისწრაფებას, შეუერთდნენ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენას“.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული.
18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატზე დაუსვეს შეკითხვა.
თავდაცვის სამინისტროში ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი.
„რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.