ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე

„თარგმანში დაკარგულები“

თარჯიმნობას ოდესღაც ვაჭრები ითავსებდნენ, რომლებიც ენებს სხვადასხვა ქვეყასა და კულტურაში მოგზაურობით სწავლობდნენ და კაცმა არ იცის, რას თარგმნიდნენ სწორად და რას არა... შემდეგ გამოჩნდნენ პროფესიონალი მთარგმნელები და ისევ კაცმა არ იცის, რას თარგმნიან სწორად და რას არა... დღეს აპლიკაციები თარგმნის ტექსტებს და აბა რას გაუგებ ხელოვნური ინტელექტის ხელოვნურ ტვინსა და ემოციას... და თუნდაც მოვახერხოთ ტექსტის ზუსტად და გამართული თარგმნა, მთავარ გამოწვევად რჩება თარგმანის ყველაზე რთული ასპექტი, კულტურული თარგმანი - ერთი და იგივე ტექსტს სხვადასხვაგვარად იგებს სხვადასხვა კულტურა, ერთი და იმავე სიტყვებსა თუ მოვლენებს სხვადასხვა საზოგადოებაში განსხვავებულად აღიქვამენ...

ხშირად ვამაყობთ ჩვენი წარსულითა და ტრადიციებით და გვგონია, რომ სხვამ ყველამ დაივიწყა საკუთარი წარსული და ტრადიცია. რასაკვირველია, ეს ასე არ არის. სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას ყველაზე მეტად მუზეუმებში მეტირება - გასაოცარ შთაბეჭდილებას ახდენს მულტიმედიური საშუალებებით 3 D განზომილებაში გაცოცხლებული ისტორია და უნებურად მახსენდება ჩვენი, ქართული მუზეუმები კედლებზე გაკრული ფურცლის ნაგლეჯებით... ბევრ ქვეყანაში სახალხო დღესასწაულები ტრადიციების ნამდვილი ზეიმია - ეროვნულ კოსტუმებში გამოწყობილი ადამიანები სხვადასხვა ისტორიულ მოვლენებს აცოცხლებენ - მოგებულ თუ წაგებულ ომებს, ადამიანთა ეთნოგრაფიულ ყოფას... ყოველდღიურ ცხოვრებაში რელიგიურ თუ ოჯახურ დღესასწაულებს განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობიან - თეთრი შურით მშურს შობის დღესასწაულების პომპეზურობა და საყოველთაობა ქრისტიანულ ქვეყნებში... კილტებით მოსიარულე შოტლანდიელები, კილტის კუბოკრული პრინტით მათი ამა თუ იმ საგვარეულოს მემკვიდრეობას რომ გამოხატავენ...

ტრადიციაში თუ ისტორიის პატივისცემას და ღირებულებებს ვიგულისხმებთ (და არა 600 კაციან ქორწილ-ქელეხებს მემთვრალეობითა და უცილობელი ფინალური კონფლიქტით), მაშინ ერთადერთები ნამდვილად არ ვართ და უფრო მეტიც, არც ისე კარგად გვესმის საკუთარი ტრადიციები და არც ისე ღირსეულად ვცემთ მათ პატივს... დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდში არასოდეს ვცადეთ „გადაგვერჩია“ საკუთარი ტრადიციები და შეგვექმნა ახალი ღირებულებები, რომლებსაც მემკვიდრეობად გადავცემთ მომავალ თაობებს...

სიტყვა აშკარად გამიგრძელდა, დღეს ტრადიციებზე მსჯელობას არ ვაპირებ, შესაძლებელია სხვა დროს დავუბრუნდე ამ საკითხს. დღეს ტერმინ „ტრადიციულ საზოგადოებაზე“ მინდა ვიმსჯელო ჩემს ბაბლში, ტერმინზე რომელიც განსხვავებულად ესმით ტერმინის შემქმნელებს და განსხვავებულად ჩვენ, კულტურულ თარგმანში დაკარგულებს...

ევროპოცენტრულობის ისტორია ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და რომს უკავშირდება, სადაც საკუთარ ხალხს „მოქალაქეს“ უწოდებდნენ, სხვებს კი ბარბაროსებს... მას შემდეგ, რაც ევროპის კონტინენტი მსოფლიო ცენტრი გახდა, ამ ძველმა დიქოტომიამ ახალი განზომილება შეიძინა თეორიებში - სამყაროს დაყოფა ცივილიზებულ, ბარბაროსულ და ველურ ხალხებად... ეს დაყოფა მთავარ კრიტერიუმად კულტურულ განვითარებას მოიაზრებდა, სადაც ბარბაროსულ ნაწილში აღმოვჩნდით ისტორიული ბედუკუღმართობით... ცივი ომის დროს სამყარო ისევ დაიყო პირველ, მეორე და მესამე სამყაროდ, ამჯერად ეკონომიკური განვითარების მიხედვით, სადაც მეორე სამყაროს მიგვაკუთვნეს, როგორც კომუნისტური სისტემის ნაწილი... დღეს სამყაროს დაყოფა შელამაზებულია პოლიტკორექტული ტერმინოლოგიით, თუმცა შინაარსით იგივე რჩება - მოდერნული, ტრადიციული და პრიმიტიული საზოგადოებები... ვინმეს რომ ბარბაროსი ეწოდებინა ჩვენთვის, ავფეთქდებოდით და ხმალს ვიშიშვლებდით, თუმცა თარგმანში დაკარგულებს გვიხარია, როდესაც ტრადიციულ საზოგადოებად მოგვიხსენიებენ, რომელიც შინაარსით იგივეს გამოხატავს, რასაც ბარბაროსობა...

შესაძლოა გვაღიზიანებდეს ევროპოცენტრულობა თუ ყველა სხვა ცენტრულობა, რომელიც კავკასიონის ქედზე არ გადის, თუმცა თუ მაინც შევეცდებით გავარკვიოთ ამგვარი დაყოფის საფუძველი, ბევრ დამაფიქრებელ დეტალს აღმოვაჩენთ და პრინციპში, დავეთანხმებით... მოდერნული საზოგადოებები „დიდი გამიჯნულობით“ შეიქმნა - დაწესდა მტკიცე საზღვრები კანონის შემქმნელთა და კანონის განმახორციელებელთა შორის, დამნაშავესა და მსაჯულს შორის, რელიგიასა და პოლიტიკას შორის, პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებას შორის, პირად სურვილსა და ლეგიტიმაციას შორის... მოდერნულ, ანუ თანამედროვე საზოგადოებებს მართავს კანონები და არა ადამიანები, მოდერნული საზოგადოებები მთავარ ღირებულებად ადამიანის უფლებას განიხილავს და მასზე აფუძნებს პოლიტიკურ თუ რელიგიურ ღირებულებებს...

ტრადიციულ საზოგადოებებსაც აქვთ სისტემები და კანონები, მაგრამ ისინი ადამიანის უფლებებს არ ეფუძნება... ტრადიციულ საზოგადოებებში კანონი ყველასთვის ერთნაირი არ არის - მართავენ ჯგუფები, რომელთა კანონები სხვადასხვაგვარად ეპყრობა „სხვებს“ და „თავისიანებს“... ტრადიციულ საზოგადოებებში პატივს სცემენ იმის მიხედვით, ვისიანი ხარ და ვის ჯგუფში დაიბადე და არა იმის მიხედვით, რას წარმოადგენ თავად... ტრადიციულ საზოგადოებებში ქალი არასდროს უდრის კაცს და ღარიბი არასდროს მდიდარს... ტრადიციულ საზოგადოებებში დაუწერელი მტკიცე იერარქიაა, რომლის ლოგიკას ვერასდროს ამოხსნი თუ ამ საზოგადოების „კანონმდებელი“ არ ხარ თავად... ტრადიციულ საზოგადოებებში კანონები ფურცელზე წერია და რეალურად არაფორმალური მმართველები მართავენ - ვიღაც ბელადები, ვიღაც ავტორიტეტები, ვიღაც შამანები, რომლებსაც კაცმა არ იცის ვინ და რატომ მიანიჭა ჩვენი ცხოვრების განკარგვის ლეგიტიმაცია... ტრადიციულ საზოგადოებას დაუწერელი კანონები მართავს, რომლებიც ადგენს ვისი დაჩაგვრა შეიძლება და ვისი არა, ჩაგვრა კი მართვის სტილია... ტრადიციულ საზოგადოებებში მხოლოდ ერთეულთა უფლებებს იცავენ და სხვები უბრალოდ „ღირსები“ არიან ანგარიშსწორების...

***

დღიდან დამოუკიდებლობის მოპოვებისა, საქართველოში ყველა მთავრობა არღვევს ადამიანის უფლებებს - ისიც რომელიც მოგვწონს და ისიც, რომელიც არ მოგვწონს... ამას საზოგადოება მდუმარედ ეთანხმება, იმიტომ რომ გვეზიზღება ადამიანის უფლებები და მას საკუთარი იდენტობის საფრთხედ განვიხილავთ - მართლაც, ადამიანის უფლებების საყოველთაოობა არღვევს ტრადიციული საზოგადოებების იერარქიულ წესრიგს და იერარქია დარღვეულები ვეღარ გავიგებთ სად ვართ, ვინ ვართ, ვინ არის ჩვენი პატრონი და ბატონი...

დღიდან დამოუკიდებლობისა, მხოლოდ ორჯერ ვიხილეთ მძლავრი საზოგადოებრივი მოძრაობა „უფლებების“ და „დემოკრატიის“ სახელით - პირველი და მესამე პრეზიდენტის შემთხვევაში, რომლებსაც უწოდებდნენ და უწოდებენ ფაშისტებსა და სისხლისმსმელებს... ხშირად მიფიქრია, რატომ არავის ახსენდება მეორე მთავრობის დროს ტყვიებით დახვრეტილი დემონსტრაციები, პოლიციის განყოფილებებში ადამიანების მასობრივი თვითმკვლელობები, გამოსასყიდისთვის გატაცებული ადამიანები... რატომ არავის ახსენდება იმ სამხედრო შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი, რომელმაც ახალგაზრდები მწამებლებად და მკვლელებად აქცია, ხალხი კი მსხვერპლად... ის ლიდერი პატივით გამოასვენეს საკათედრო ტაძრიდან და პანთეონში მიუჩინეს ადგილი... ალბათ არ გახსოვთ და შესაძლოა ძალიანაც გაგიკვირდეთ, მაგრამ პირველ პრეზიდენტს კორუფციაში სდებდნენ ბრალს ის ჯგუფები, რომლებმაც მმართველობაში მოსვლის შემდეგ ტოტალური კორუფცია სახელმწიფოს მმართველობის ერთადერთ ლოგიკად აქციეს... 7 ნოემბრის დემონსტრაციის დარბევაზე ისინი მსჯელობენ, ვინც ოკუპაციის გამპროტესტებელი ბავშვებისთვის თვალების დათხრას „სამართლიანად“ მიიჩნევს...

ალბათ მკითხავთ, ვის ვემხრობი, რას ვემხრობი - მე პირადად ის მოდერნული საზოგადოებები მომწონს, რომლებმაც ორ საუკუნეზე მეტია მოდერნულობა ისწავლეს და არათუ ადამიანის, ცხოველის უფლებასაც კი უამრავი პირი და სტრუქტურა იცავს... მაგრამ ჩვენ არ ვცხოვრობთ ასეთ საზოგადოებაში და არც ის ვიცით, ოდესმე ვიცხოვრებთ თუ არა... მე პირადად 7 ნოემბრის დემონსტრაციას მხოლოდ იმ ადამიანებთან განვიხილავ, ვინც 20 ივნისის და 5 ივლისის პროტესტების თანამგრძნობიცაა - ასეთი ადამიანები კი თითზე ჩამოსათვლელები არიან...

***

რატომ არის მსგავს დანაშაულებზე არაერთგვაროვანი რეაქცია ქართულ საზოგადოებაში? რატომ ედავებოდნენ დემოკრატიის ღალატს პირველ პრეზიდენტს (არც არასდროს ყოფილა დემოკრატი) ის ადამიანები, ვისმა ბელადმაც „ეროვნული“ ფორმულა დაგვიტოვა - „დემოკრატია ლობიოობა არ არის“... რატომ ედავებიან მესამე პრეზიდენტს დემოკრატიის ღალატს (არც არასდროს ყოფილა დემოკრატი) ის ადამიანები, რომელთა თვითგამოცხადებულმა ბელადმა მეორე „ეროვნული“ ფორმულა შექმნა - „ფული თანაბრად უნდა განაწილდეს ძმაო“ -მეც პრივილეგირებული ჯგუფის წევრი ვარ და მეც მომეცით ტენდერებზე წვდომის უფლებაო... პასუხი როგორი მარტივია და როგორ ზედაპირზე ტივტივებს - თუ ადამიანის უფლებების დარღვევა პრივილეგირებულ ჯგუფებს შეეხება, მათ აქვთ ხმა, ძალა და კონტრრევოლუციის „ლეგიტიმური“ უფლება... როდესაც თავად მოვლენ მმართველობაში, აუცილებლად დაიცავენ დაუწერელ წესს - ერთმანეთში გარიგდებიან, ერთმანეთს მოეფერებიან და აგრესიას იმ ჯგუფების მიმართ მიმართავენ, რომელთაც არ აქვთ საკუთარი თავის დაცვის უნარი, რომელთა ბედი არც არავის ადარდებს, რომლებიც ისედაც მიჩვეულები არიან იერარქიაში ჩაკარგვას და საზოგადოებაში „მე პატარა კაცი“ ვარ ადგილს. ასეთია ტრადიციული საზოგადოებების ლოგიკა...

***

მოდერნული სამყაროდან ხშირად გვახსენებენ, რომ ტრადიციული საზოგადოება ვართ და მათი „კლუბის წევრი“ კიდევ დიდხანს ვერ გავხდებით... თქვენს ბაბლში შეგიძლიათ გაბრაზდეთ მათ „ევროპოცენტრობაზე“ და სიამოვნებით გააგრძელოთ „ტრადიციული საზოგადოების“ მშენებლობა... ჩემს ბაბლში ვბრაზდებით ჩვენ საზოგადოებაზე და ვოცნებობთ იმ პროცესებზე, რომლებიც გამოვტოვეთ ორი საუკუნის წინ, ერთი საუკუნის წინ, 30 წლის წინ... მწარედ გვახსენდება ხელიდან გაშვებული შანსები, ისტორიის ჩავლილი მატარებლები...

დღეს იქეთა და აქეთა ბაბლებს გვაერთიანებს მხოლოდ ერთი ემოცია - ბრაზი...