ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე

ღალატის ანატომია

ბავშვობაში, როდესაც ვკითხულობდი ამბებს გმირებსა და ანტიგმირებზე, სულ მიკვირდა, რატომ ხდებიან ადამიანები ანტიგმირები საკუთარი ნებით, მათ ხომ იციან რა არის კარგი და რა არის ცუდი? ახალგაზრდობაში, როდესაც ჩვენი თუ სხვა ქვეყნის ისტორიას ვკითხულობდი, ამბებს გმირებსა და მოღალატეებზე, იგივე შეკითხვა მიჩნდებოდა - რატომ ჩაიდინეს ადამიანებმა გაცნობიერებული ღალატი, ხომ იცოდნენ, რა სახელს დაარქმევდა ისტორია?

ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა დაამკვიდრეს ახალი ტერმინი მოღალატის აღსანიშნავად - „კრემლის აგენტი“. მას მერე ყველა ლიდერი თუ თქვითმარქვია ლიდერი ერთმანეთს ამ ეპითეტით ამკობს, თუმცა დღემდე ვერ ამოვხსენით კონკრეტულად რას ნიშნავს „კრემლის აგენტი“, ან დამბრალებელ-დაბრალებულებს შორის მტყუან-მართალი როგორ გავარჩიოთ... გასულ წელს მეზობელი ქვეყნის ჟურნალისტებმა გამოძიება ჩაატარეს და საკუთარი მთავრობა საქართველოში მეხუთე კოლონის დაფინანსებაში დაადანაშაულეს.

იმ ჟურნალისტებს სხვა დარდი და მოტივი ჰქონდათ - ზედმეტად ძვირი უჯდება ეგ ჯგუფი ჩვენს ბიუჯეტს და შესატყვისი სარგებელი ვერ მოგვიტანესო... იმ ქართული ჯგუფის ლიდერი პრესკონფერენციაზე ძალიან დამაჯერებლად იფიცებოდა, მტრისგან კაპიკიც არ ამიღიაო... ერთი სერიალი მახსენდება, სადაც მეცნიერი ნებისმიერი რესპონდენტის ტყუილს ხვდება მხოლოდ რამდენიმე წუთიანი საუბრით... ესეთი მეცნიერების განვითარებაში აშკარად არ უნდა დავინანოთ ფული...

წლების წინ, საქართველოში გამოჩნდა ახლადგამომცხვარი პარტია, რომელსაც პროგრამაში ეწერა ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების მეზობელი სახელმწიფოს ინსტიტუტებთან შერწყმა. პარტია არ დაუშვეს არჩევნებზე - საკუთარი სახელმწიფოს სუვერენიტეტის უარყოფა არაკონსტიტუციურია და ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არ აქვს სიტყვის თავისუფლებასთან... არავის უდარდია მაშინ იმ პარტიის ბედზე - მომხრეები ჯერ არ ჰყავდა, ახლადგამომცხვარმა პარტიის ბელადმა კი ბარგი ჩაალაგა და მეზობელ სახელმწიფოში გადაბარგდა... მგონი არც ახსოვს არავის ეს ამბავი, მგონი ყურადღებაც არავის მიუქცევია...

დღეს დიდი კამათის საკითხია, უნდა მიეცეს თუ არა პარტიად დარეგისტრირების უფლება იმ ჯგუფს, რომლის პროგრამა აშკარად ანტიკონსტიტუციურია - მიზნად ისახავს მასობრივ ძალადობას, დეკლარირებული საგარეო კურსის ცვლილებას და მეზობელი სახელმწიფოს სამხედრო ბაზების დაბრუნებას, რომლის გაყვანასაც თაობების ბრძოლა დასჭირდა... სამოქალაქო საზოგადოების აზრი ორად იყოფა. ერთი ჯგუფი თვლის, რომ აკრძალვა არადემოკრატიული ქმედებაა თანმდევი პოლიტიკური შედეგებით და ჯობს ვენდოთ ქართულ საზოგადოებას, რომელიც თავად მოახდენს ამ ტიპის პარტიის მარგინალიზაციას.

მეორე ჯგუფის აზრით, უნდა აიკრძალოს ის, რაც ცალსახად ანტიკონსტიტუციურია და ამ აკრძალვას სიტყვის თავისუფლებასთან ვერ დავაკავშირებთ... მე რომელ ჯგუფს ვემხრობი? გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვიცი... მე სხვა პერსპექტივიდან ვსვამ მთავარ შეკითხვას - საზოგადოებაში, სადაც უყვართ სამშობლოსთვის თავგანწირული გმირები და სძულთ ორჯონიკიძეები, რატომ ჰყავს ანტისახელმწიფოებრივ ჯგუფს ამდენი მომხრე? - ზოგი თვლის, რომ საზოგადოება იხიბლება პოპულისტური ლამაზი სიტყვებით და მთავარ სათქმელს ვეღარ აღიქვამს...

ზოგი თვლის, რომ ნამდვილი კონსერვატიული იდეოლოგია არ ეღირსა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და ამიტომაც ამ ადგილს პოპულისტები იკავებენ... ზოგიერთი ფიქრობს, რომ ერთი და იგივე სახეებით გაჯერებულ პოლიტიკურ სპექტრში ახალგაზრდებს არ ეღირსა ახალგაზრდული პარტიები და თანატოლებთან პრობლემებზე გასაუბრება... დიახ, ისევე, როგორც ბიზნესში, პოლიტიკურ იდეათა ბაზარშიც ყოველთვის მოქმედებს მოთხოვნა-მიწოდების ლოგიკა - არის დაკვეთა, იქნება მიწოდება და დიდად არავინ იდარდებს შეთავაზებული პროდუქტის ხარისხზე... ზოგი სულაც ფიქრობს, რომ დიახაც, დროა ძალადობის - „მიაყენე, მიახვრიტე“ ვიღაცებს ტკბილად ახსენდებათ...

***

ვიდრე ღალატსა და მოღალატეებზე მემატიანეები თხზულებებს დაწერენ, დღეს, აქ და ახლა, შეგვიძლია შევისწავლოთ ღალატის ანატომია - საინტერესო ექსპერიმენტია, ვერაფერს იტყვი... იქნებ კონსტიტუციონალიზმი არ ვიცით რა არის? - დიახ, არ ვიცით... ფრანგი და ამერიკელი ყოველ დღე „ჩემი კონსტიტუციაო“ ამბობს და კონსტიტუციაზე იფიცებს, იმიტომ რომ სისხლით აქვს მოპოვებული... ჩვენს ყოველდღიურობაში ჯერ კიდევ „ჩემი დ...“ ანაცვლებს „ჩემს კონსტიტუციას“... როგორც შვილები მშობლის მაგალითით სწავლობენ და არა მშობლის დიდაქტიკით, იქნებ მოქალაქესაც არავინ ასწავლა კონსტიტუციის დაცვა საკუთარი მაგალითით?

იქნებ დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება არ გვესმის რას ნიშნავს? - დიახ, არ გვესმის... ერთი საინტერესო მაგალითი მახსენდება საკუთარი პრაქტიკიდან. ჯგუფში, სადაც ძირითადად ქართველი სტუდენტები სწავლობდნენ, რამდენიმე სტუდენტი ბებერი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან იყო გაცვლითი პროგრამით. არ გამოირჩეოდნენ დიდი მონდომებით, ინგლისურ ენასაც ვერ ფლობდნენ ჯეროვნად. ქართველი სტუდენტები კარგად სწავლობდნენ, ბეჯითად და მონდომებით, ინგლისურადაც უკეთ საუბრობდნენ და სახელმძღვანელოებსაც მეტი გულმოდგინებით კითხულობდნენ. როდესაც საგამოცდო პერიოდი დადგა, იმ ევროპელებმა უკეთესი ქულები მიიღეს - მათთვის შეკითხვები ბუნებრივი იყო, საკუთარი გამოცდილებით უკეთ ესმოდათ ის, რაც ქართველი სტუდენტისთვის სადღაც შორეულ სახელმძღვანელოში დაწერილ თეორიად დარჩა...

იქნებ არ გვესმის რა სხვაობაა აზრის თავისუფლებასა და კოლაბორაციონიზმს შორის? - დიახ, არ გვესმის, კოლაბორაციონიზმი ის უცხო სიტყვაა, რომლის მნიშვნელობა პრაქტიკაში ვერ გავაცნობიერეთ...

იქნებ იმ მეზობელ სახელმწიფოში პროფესიონალი ჰყავთ და ჩვენ არ გვყავს? - დიახ, ნამდვილად. მათ იდეოლოგიას აქვს მომხიბვლელობა, იმიტომ რომ ეროვნულ ინტელექტუალურ სივრცეში თანაფარდს ვერაფერს ვთავაზობთ ახალგაზრდებს და საერთაშორისო ინტელექტუალური პროდუქტი კი უბრალოდ მიუწვდომელია მათთვის ენობრივი თუ კულტურული ბარიერების გამო...

***

ახალგაზრდები - ნიჭიერები, ენერგიულები, მომავალზე მოფიქრალები, იხიბლებიან იდეოლოგიური ნარატივებით, იმიტომ რომ მათ არავინ აუხსნა ღალატის ანატომია დღეს, აქ და ახლა... იმიტომ რომ იმ ნარატივებში მეტ სიღრმეს ხედავენ ვიდრე იმ პოლიტიკურ ანალიზში, რასაც სამშობლო სთავაზობს... ბოლშევიკებსაც ასე დაემართათ, ფილიპეებს, ორჯონიკიძეებს და ძმათა მათთა - დიდი ავიაცია მომხიბვლელია თუ სამშობლო დაზუთხული დიდაქტიკის და პროვინციული ჩაკეტილობის გარდა ვერაფერს შემოგთავაზებს...