მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა პროკურორების აცილების შუამდგომლობა დააყენეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა პროკურორების გიორგი მუჯირისა და არჩილ ტყეშელაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე შუამდგომლობა მას შემდეგ გააჟღერა, რაც სხდომაზე პროკურორის განცხადების ჩანაწერი ჩართო.

რაც შეეხება თავად პროკურორ გიორგი მუჯირის განცხადებას, რომელიც გვარამიამ სხდომაზე ჩართო, პროკურორი ამბობს, რომ „2011 წლის 26 მაისს, როდესაც რუსთაველის გამზირზე, პოლიციის უკანონო ქმედებებით დასახიჩრდა და ჯანმრთელობის დაზიანება უამრავმა ადამიანმა მიიღო, მესამე დღეს სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ბრუნდება ევროპაში და იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს“.

ნიკა გვარამიას შეფასებით, პროკურორის განცხადება პოლიტიკური შინაარსისაა.

მოსამართლემ პროკურორების აცილებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბადრი კოჭლამაზაშვილის განმარტებით, პროკურორის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში პოლიტიკური ნეიტრალიტეტი დაცული იყო.

„დაყენებულია საკითხი ერთ-ერთი პროკურორის საქმიდან ჩამოცილების თაობაზე, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში მისი გამოსვლის გამო, რაც დაცვის მხარის ვერსიით, შეფასდა მიკერძოებად და პოლიტიკური მიკერძოებულობის საყვედურით მოითხოვს დაცვის მხარე ერთ-ერთი პროკურორის საქმესთან ჩამოშორებას.

ჯერ უნდა იცოდეს საზოგადოებამ რა არის მიკერძოება, რა არის პოლიტიკური მიკერძოება და კონკრეტულად ეს სიტყვები ჯდება თუ არა ამ ფარგლებში. მიკერძოება ეს არის გადახრა პირის სასარგებლოდ ან საზიანოდ, რაც სამართალში ორივე შემთხვევაში დაუშვებელია. რაც შეეხება პოლიტიკურ მიკერძოებას, ეს გახლავთ ისეთი შემთხვევა, როდესაც პროკურორი სისხლის სამართლებრივ დევნასა და ბრალდებას აფუძნებს არამხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე, არამედ უპირატესად პოლიტიკურ მოტივაციაზე, ნიშანზე, სარჩულსა და საფუძველზე.

შესაძლებელია, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი მხრივ წარიმართოს საერთოდ პოლიტიკური ნიშნით, რაც კლასიკური გაგებით პოლიტიკური დევნაა, ამავდორულად, შეიძლება არსებობდეს სამართლებრივი საფუძველი დევნისა და ბრალდებისა, თუმცა, პროცესში პროკურორმა გამოიჩინოს იმგვარი მიკერძოება, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არათანაბარზომიერ მდგომარეობაში ჩააყენებს დევნის ადრესატებს.

როდესაც პროკურორი ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას, ბრალდების კომპონენტი მოიცავს მათ შორის გაკიცხვის ელემენტსაც, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მორალურ კატეგორიას. სიუჟეტში რა თარიღებიც იყო ნახსენები და დაკავშირებული იყო იმასთან, ამ თარიღების შემდეგ შეეძლო თუ არა პრეზიდენტს ეს მომსახურება საზღვარგარეთ მიეღო. ეს გარკვეულწილად შესაძლებელია, სცილდებოდეს სამართლებრივ ფარგლებს იმ თვალსაზრისით, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს აღარ ეხება, თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ მორალურ სფეროში გადადის და ამით ხაზი გაესვა იმას, რომ ამ თარიღების შემდეგ პრეზიდენტს უნდა მიეცა თუ არა თავისთვის ამის უფლება, რომ ასეთი მომსახურება მიეღო. ეს მხოლოდ და მხოლოდ მორალურ სფეროში გადასული საკითხია და პოლიტიკური მიკერძოება გამოვლენილი ნამდვილად არ არის. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ამ შემთხვევაში დაცულია", - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იმჟამინდელი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.