შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აქციაზე სპეციალური საშუალებები გამოიყენა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის დაზუსტებული, რა ტიპის ნივთიერებაზეა საუბარი. როგორც მედიასაშუალებების მიერ გავრცელებლი ვიდეოდან ირკვევა, პარლამენტის უკანა მხარეს, ძმები ზუბალაშვილებისა და ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზე, 9 აპრილის პარკთან, ვითარება დაიძაბა.
პოლიციელებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელბიც ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს აპროტესტებენ, სპეციალური საშუალება გამოიყენეს. შსს აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მათ სხვადასხვა საგანი ესროლეს.
მედიაში გავრცელებული ცნობით, პოლიციის მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად, მოქალაქეებს პირველად სამედიცინო დახმარებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები უწევენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე.
მიუხედავად ადგილზე მყოფი პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებისა, რომ გაეთავისუფლებინათ დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის საკანონმდებლო ორგანოს გამოსასვლელები, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.
მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები.
აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ასევე, მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა საგანი.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.
კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,“ წერს შსს.
ამ დროისთვის, აქციის მონაწილეები, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან იმყოფებოდნენ, კვლავ პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ.
ადმინისტრაციის შესავლელთან რჩებიან პოლიციელები, ასევე ეზოში მობილიზებულია სპეცრაზმი.
აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მსვლელობით მივიდნენ, მათ გადაკეტილი ჰქონდათ ინგოროყვასა და სულხან საბას ქუჩა. დემონსტრანტები გზის სავალ ნაწილზე ისხდნენ და ავტომობილებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. დღეს, პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავდა სადავო კანონპროექტს. მოსმენა ხვალ გაგრძელდება.