შს მინისტრის მოადგილე: აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდა 6 პოლიციელი

რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, 166-ე და 173-ე მუხლებით, 63 პირი დააკავეს,“ - განაცხადა დარახველიძემ.


ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ „პარლამენტის შენობასთან გამართული აქცია არ ჯდებოდა მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში და მოქალაქეები ხელოვნურად კეტავდნენ საგზაო მოძრაობას სხვადასხვა ქუჩაზე ღამის განმავლობაში.“

მისი თქმით, დაშავდა 6 სამართალდამცველი.

"კადრებში კარგად ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როდესაც ის პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება. ლევან ხაბეიშვილი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას,“ - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ ლევან ხაბეიშვილზე საუბრისას.


მისივე განმარტებით, პოლიციელების დაზიანებების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულს იძიებს, თავად პოლიციელების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებს კი სავარაუდოდ შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან.

„საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი. ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს, ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შრის, ქვებს და ბოთლებს. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანებები მიიღო 6-მა პოლიციელმა, რომლებიც სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებებში,“ - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.


ცნობისთვის, სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეწყვიტა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა.


შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.